გურიანთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა ,,თავისუფალი არჩევანი“ სკოლის ადმინისტრაციასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და თემთან თანამშრომლობით სკოლის ეზოში ფეიჰოას ნერგები გააშენა. ფეიჰოას ნერგების გაშენება მოსწავლეებმა სამოქალაქო კლუბის მდგრადობის შენარჩუნების მიზნით გადაწყვიტეს.

ანი ქავჟარაძე, სამოქალაქო კლუბის წევრი: ,, პროგრამის ,,მომავლის თაობა“ დასრულების შემდეგ ჩვენ აღარ გვექნება დამხმარე რესურსები საკლუბო საქმიანობისათვის. ამიტომ გადავწყვიტეთ კლუბის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების მიზნით, მოგვეფიქრებინა ისეთი რამ, რითიც შევძლებდით საქმიანობის გაგრძელებას პროგრამის დასრულების შემდეგ.

კლუბის სამუშაო შეხვედრაზე ვიმსჯელეთ და კარგ საშუალებად მივიჩნიეთ შემოსავლიანი კულტურის გაშენება სკოლის ტერიტორიაზე“. მცენარის სახეობის შერჩევის მიზნით, მოსწავლეებმა კონსულტაციებისთვის მიმართეს პედაგოგებს, რომლებმაც ადგილობრივი გარემო პირობებისა და მოვლა-გახარების სიმარტივის გათვალისწინებით, ახალგაზრდებს ფეიჰოას გაშენება ურჩიეს.

ინიციატივის მხარდაჭერისთვის კლუბის წევრებმა მიმართეს გურიანთის ტერიტორიული ორგანოს გამგებლის წარმომადგენელს ბ-ნ კონსტანტინე ჩიკაშუას. მან მოსწავლეებს უშუამდგომლა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის მთავარ სპეციალისტთან ბ-ნ აკაკი ღლონტთან, რომელსაც აქვს ფეიჰოას პლანტაცია და სანერგე. ბ-ნმა აკაკიმ მოიწონა მოსწავლეების ინიციატივა და 12 ძირი ფეიჰოას ნერგი გადასცა სამოქალაქო კლუბს. სკოლის დირექციამ სკოლის ეზოს ერთ ნაწილში გამოყო დაცული, შემოღობილი ტერიტორია ნერგებისთვის, ხოლო ადგილობრივი თემის წარმომადგენლებმა მოსწავლეები უზრუნველყვეს სამუშაო იარაღებით და მონაწილეობა მიიღეს ნერგების დარგვის პროცესში. სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, ლიზა ლომჯარიამ მოსწავლეებს ჩაუტარა სემინარი ფეიჰოას თვისებებზე, მოსავლიანობაზე და კონკრეტული რჩევები მისცა გაშენების და მოვლის საკითხებზე. 2016 წლის 9 მარტს სამოქალაქო კლუბის წევრებმა, უფროსების მონაწილეობით, დარგეს ფეიჰოას ნერგები სკოლის ეზოში, რაც შემდგომში შექმნის რესურსს საკლუბო საქმიანობისათვის. სამომავლოდ მოსწავლეები აპირებენ კონკურსის გამოცხადებას სკოლის ეზოს კეთილმოწყობის საუკეთესო პროექტისათვის.