ერტისის საჯარო სკოლის მოსწავლეების ადვოკატირების შედეგად სკოლას აღუდგა სასმელი წყლის მიწოდება. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ერტისის საჯარო სკოლას, წყლის მილების დაზიანების გამო, წელიწადია არ მიეწოდებოდა სასმელი წყალი.
სკოლა დასუფთავებისთვის იყენებდა დაგროვებულ წვიმის წყალს, ხოლო სასმელი წყალი მოსწავლეებს და პედაგოგებს სახლიდან მოჰქონდათ. 2016 წლის 2 ივნისს, ერტისის საჯარო სკოლის IX-X კლასების მოსწავლეები, სათემო და სკოლის პრობლემების ადვოკატირების მიზნით, შეხვდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს ბესიკ წიკლაურს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს სხვადასხვა პრობლემებზე, მათ შორის სკოლაში სასმელი წყლის არქონაზე. გამგებელმა შეხვედრაზევე დაავალა შესაბამის სამსახურებს წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყება.
შედეგად, გამოიცვალა სკოლის ეზოს გარეთ 100 მეტრი სიგრძის წყლის მილი და გამგებელთან შეხვედრიდან 3 დღეში სკოლას აღუდგა სასმელი წყლის მიწოდება. მოსწავლეები დარწმუნდნენ, რომ ადვოკატირების გზით შესაძლებელია დადებითი შედეგის მიღწევა და სტიმული მიეცათ სხვა პრობლემების მოგვარებაზე მუშაობისთვის.