2016 წლის 26 თებერვალს, ქ. ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში გაიმართა ზუგდიდის №4 საჯარო სკოლის მიერ განხორციელებული, მცირე გრანტის პროექტის „ერთად გავიცნოთ ევროპა“ დასკვნითი ღონისძიება.
პროექტის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება ევროინტეგრაციის საკითხებში. პროექტის მსვლელობის დროს მოსწავლეებმა ჩაატარეს მოსახლეობის გამოკითხვა და ტრენინგები ევროინტეგრაციის თემაზე, დაარიგეს საინფორმაციო ბუკლეტები.
ასევე, მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რომელსაც დაესწრნენ, როგორც №4 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები, ასევე სხვა სკოლის წარმომადგენლები, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებიდან მოწვეული სტუმრები. დასკვნით ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნახატების და ფოტოების გამოფენა, წაიკითხეს თემატური ესეები, დაარიგეს პროექტის ფარგლებში შექმნილი საინფორმაციო ბუკლეტი „მე და ევროპა“, რომელშიც გადმოცემული იყო ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის შესახებ.
პროექტის დახურვის ღონისძიებას ესწრებოდნენ ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ევროკავშირის ზუგდიდის ოფისის და პარტნიორი სკოლის წარმომადგენლები. სტუმრებმა ხაზი გაუსვეს მოსწავლეთა მიერ განხორციელებული პროექტის აქტუალობას და მნიშვნელობას. 26 თებერვალს ქ. ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში ჩატარებული ღონისძიება გაშუქდა ტელეკომპანია „ოდიშის“ და რადიო „ათინათის“ მიერ.