2016 წლის 14 აპრილს თბილისის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა დედაენის დღე აღნიშნეს. მათმა ნაწილმა აქცია სკოლაშივე მოაწყვეს და თანატოლებს გავრცელებული ბარბარიზმების შესაბამისი ქართული სიტყვების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
სკოლის ფარგლებს გასცდნენ თბილისის №155 და №107 სკოლების სამოქალაქო განათლების კლუბების წევრები. მათ, საკუთარი სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგების დახმარებით, ერთობლივად გამართეს აქცია-მსვლელობა სახელწოდებით „უარი ბარბარიზმებს“.
აქციის მონაწილეები მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლიდან დედა ენის ძეგლის მიმართულებით დაიძრნენ და საინფორმაციო ფურცლებით საზოგადოებას ენის დაცვისკენ მოუწოდებდნენ. ასევე, მოსახლეობაში დაარიგეს წიგნის სანიშნეები, რომლებზეც ყველაზე უფრო გავრცელებული ბარბარიზმები და მათი შესატყვისი ქართული სიტყვები ეწერა.
ამით მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ენის დაცვის აუცილებლობას. აქცია დედაენის ძეგლთან დასრულდა. მოსწავლეებმა ძეგლი ყვავილებით შეამკეს.