სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს, რომელიც დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. კამპანიის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება დაუნის სინდრომის შესახებ, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა და მათი აქტიურ ცხოვრებაში მონაწილეობის ხელშეწყობა.ქ.
თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრმა მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია დაუნის სინდრომთან დაკავშირებით და მოაწყვეს პრეზენტაციები სკოლების სხვა მოსწავლეებისთვის. მოსწავლეებმა დაამზადეს თემატური პოსტერები, მოხატეს სკოლის ეზო და მაისურები, მოაწყვეს ფლეშმობი, გადაიღეს ვიდეო რგოლები და ატვირთეს სოციალურ ქსელში.
გაულამაზეს ეს დღე სკოლის იმ მოსწავლეებს, რომლებიც აღნიშნული სინდრომის მატარებლები არიან.თბილისის №79-ე სკოლის კლუბმა „მერანი“ ითანამშრომლა კომპანიასთან „ტკბილი ქვეყანა“ და ჰელიუმის ბუშტების მაღაზიებთან, რომლებმაც გადასცეს ტკბილეული და ჰელიუმის ბუშტები დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის. კლუბის წევრები ესტუმრნენ თბილისის №198-ე სკოლას, ერთი დღე გაატარეს ბავშვებთან ერთად და გადასცეს მათ საჩუქრები.მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონშიც აღნიშნეს.
სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ;ფენიქსი; წევრმა მოსწავლეებმა მოამზადეს და საზოგადოებაში გაავრცელეს თემატური ბუკლეტები, თემში ჩაატარეს კვლევა საზოგადოების ინფორმირებულობის დონის დასადგენად, კლუბის წევრებმა ზუგდიდში არსებულ სამკერვალო სალონ „კერე ჰაუსთან; ითანამშრომლეს და აქციებისთვის ფერადი ნაჭრებისგან სიმბოლური წინდები შეკერეს. კვირეული 21 მარტს სოფლის ცენტრში აქციით დასრულდა.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა კი უმცროსკლასელთათვის საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს.ღონისძიებები ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით