ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლის მცირე გრანტის პროექტი „მედიაკლუბი“ მიზნად ისახავდა სკოლაში მედიაკლუბის შექმნას, სკოლის აღჭურვას სათანადო ტექნიკური საშუალებებით და აქტიური მუშაობისთვის სასურველი გარემოს შექმნას. პროექტში ჩართული იყო მე-9, მე-10 და მე-11 კლასის 25 მოსწავლე.

ორი თვის განმავლობაში მედიაკლუბი იყო ინფორმაციის მიღების, გადამუშავების, განხილვის, თავისუფალი დროის შინაარსიანად გატარების ადგილი. კლუბის წევრებმა შეიძინეს გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები, დაფიქრდნენ საკუთარ და საზოგადო პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

მოხდა თემისა და სკოლის უფრო დაახლოება, კლუბს სტუმრობდნენ და მის მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ მშობლები და სტუდენტები. დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები, ჩატარდა კვლევა სპირტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ავზების უსაფრთხოების შესახებ და მოეწყო აქცია „ვიცხოვროთ სუფთა და უსაფრთხო გარემოში“.

კვლევის ჩატარებას და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციას ხელი შეუწყვეს ადგილობრივი საკრებულოს და სპირტის ქარხნის დირექციის წამომადგენლებმა. „მედიაკლუბმა“ გამართა აქცია „ თანადგომა“ თბილისში 13 ივნისს დაზარალებულთა დასახმარებლად, შეგროვილი ნივთების ტრანსპორტირება კი უზრუნველყო ადგილობრივმა თვითმართველობამ. პროექტის ფარგლებში, ასევე, მოეწყო მრგვალი მაგიდა, ჩატარდა ტრენინგები, დაიბეჭდა კედლის გაზეთი „ობიექტივი“, რომელიც გამოიკრა როგორც სკოლაში, ასევე გავრცელდა თემში; სოფლის მოსახლეობას კედლის გაზეთის მეშვეობით მიეწოდა ინფორმაცია პროექტის აქტივობების შესახებ. პროექტის ფარგლებში, ასევე, მოეწყო მრგვალი მაგიდა, რომლის თემა იყო „სხვისი თვალით დანახული მე“, მოწვეულნი იყვნენ გომის სკოლადამთავრებულები, რომლებიც ახლა სტუდენტები არიან და სკოლის მოსწავლეებთან ერთად ისაუბრეს თემის გარშემო. ჩატარდა ტრენინგები: „როგორ მოვიპოვოთ, დავამუშაოთ და გავავრცელოთ ინფორმაცია და „ფოტომასალის გადაღება და დამუშავება“. პროექტის დასრულების შემდეგ „მედიაკლუბი“ კვლავ განაგრძობს მუშაობას მცირე გრანტის ფარგლებში შეძენილი ტექნიკური საშუალებებით. მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ საინფორმაციო ტექნოლოგიები, მოამზადონ რადიოგადაცემა მათთვის საინტერესო საკითხებზე, მოიწვიონ ცნობილი ადამიანები, გადაიღონ სხვადასხვა აქტივობების ფოტოები და ვიდეო მასალა, შექმნან სკოლის არქივი, რაც საშუალებას მისცემს მომავალ თაობას გარკვეული წარმოდგენა ჰქონდეთ წინა წლებში განხორციელებულ აქტივობებზე.