ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალის საჯარო სკოლის მცირე გრანტის პროექტი „გახსოვდეს, შენ საზოგადოების აქტიური მონაწილე ხარ“, მიზნად ისახავდა სკოლაში სამოქალაქო განათლების კაბინეტის  და სკოლის ეზოში სკვერის მოწყობას. პროექტის განხორციელების პროცესში მრავალი საინტერესო აქტივობა ჩატარდა – მოეწყო შეხვედრა ალის სკოლადამთავრებულ წარმატებულ ადამიანებთან, ჩატარდა ტრენინგი თემაზე “დემოკრატია“ და „სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოება“, რომელსაც უძღვებოდა ალის სკოლადამთავრებული, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორი ბ-ნი აკაკი ყულიჯანაშვილი.

სკოლაში გაიმართა დისკუსია თემაზე „დაინახე შენი თავი გვერდიდან“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა და პედაგოგებმა და პიროვნების დადებით და უარყოფით თვისებებზე იმსჯელეს. ასევე, თემში ჩატარდა კვლევა, როგორ ატარებენ ახალგაზრდები თავისუფალ დროს.

გამოიკითხა 76 მოსწავლე, კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე მონაწილეებმა სამომავლო აქტივობები დაგეგმეს. სკოლაში სამოქალაქო განათლების კაბინეტის  და სკოლის ეზოში სკვერის მოწყობის საქმეში მონაწილეობა მიიღეს, როგორც მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ასევე, თემის წევრებმა და მშობლებმა.

მათ ერთობლივად დაასუფთავეს სამოქალაქო განათლების ოთახი და სკოლის ეზოს ტერიტორია, შემდეგ მოხატეს და გააფორმეს კაბინეტის კედლები, აქტიურად მიიღეს მონაწილეობა სკვერის გამწვანების პროცესში. პროექტს ჰყავდა მხარდამჭერი, ადგილობრივი ინდმეწარმე ბ-ნი ივანე ნოზაძე, რომელმაც სკოლას, პროექტის ფარგლებში, გადასცა ხის მასალა სკვერის კეთილმოწყობისთვის. პროგრამის „მომავლის თაობა“ მცირე გრანტის პროექტის განხორციელების შედეგად ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალის საჯარო სკოლაში ეხლა არის ახალი, კეთილმოწყობილი ოთახი და სკოლის ეზოში სკვერი, სადაც მოსწავლეები მომავალ საქმიანობას დაგეგმავენ და განახორციელებენ. ამავდროულად, პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას, ზრუნვას სკოლაზე და თემზე  და თავისუფალი დროის სწორად ორგანიზებას. პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა ა.წ. 10 სექტემბერს. მოწვეულმა სტუმრებმა მოისმინეს მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პროექტის მსვლელობის პრეზენტაციები და დაათვალიერეს სამოქალაქო განათლების ოთახი და სკვერი. პროექტის მხარდამჭერებს გადაეცათ მადლობის სერტიფიკატები.