2016 წლის 18-19-20 ნოემბერს სამცხე-ჯავახეთის ქართული და არაქართული სექტორის სკოლების მონაწილეობით გაცვლითი ინტეგრირებული პროგრამა განხორციელდა. ქართული სექტორის ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის, ფერსის, ზიკილიის, გურკელისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ზველის საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა სომხური სექტორის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხულგუმოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა.

ქართული სექტორის სკოლების 15 მოსწავლეს უმასპინძლა 15-მა სომხურმა ოჯახმა. პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მრავალი საინტერსო ღონისძიება.

ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებმა სოფელი ხულგუმოს საჯარო სკოლაში ინტეგრაციისა და მრავალფეროვნების მართვის შესახებ ტრენინგები ჩაატარეს. შემდეგ სამოქალაქო კლუბის წევრები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანს ესტუმრნენ.

ვაჩიანის კულტურის სახლში მოსწავლეების მონაწილეობით ერთობლივი ქართულ-სომხური კულტურული ღონისძიება გაიმართა. ვაჩიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეები გაეცნენ სკოლის კულტურული მემკვიდრეობის მუზეუმს, რომელიც შექმნილია სამოქალაქო კლუბის წევრების მიერ. დღის ბოლოს მოსწავლეებმა მოინახულეს “ბრუკლინის” ხიდის ანალოგია, ხულგუმოს ხიდი და სამახსოვრო სურათები გადაიღეს. სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში დასკვნითი ღონისძიებები მოეწყო. ხულგუმოს საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგების მარეტა პეტროსიანისა და ანა პეტროსიანის ხელშეწყობით, ჩატარდა ლექცია – “ჩვენ, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წევრები და ტოლერანტები”. დასასრულს სამოქალაქო კლუბების წევრებმა დაგეგმეს ერთობლივი კულტურული ღონისძიებები და გადაწყვიტეს ერთობლივი ფეისბუქის გვერდის შექმნა, სადაც კლუბის წევრები სკოლაში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ გაუზიარებენ ერთმანეთს ინფორმაციას. „მე მოხარული ვარ, რომ ქართველი მოსწავლეები გვესტუმრნენ ჩვენს სოფელში. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შევიძინე ბევრი ქართველი მეგობარი. მათთან გავატარე შთაბეჭდილებებით სავსე მხიარული და სასიამოვნო რამდენიმე დღე,“ – სთქვა ხულგუმოს სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერმა ოფელია პეტროსიანმა. „ძალიან მომეწონა სოფელი ხულგუმო, კარგი იყო აქ გატარებული დღეები. მადლობას ვუხდი ყველას სტუმარ-მასპინძლობისთვის. გავეცანით სომხურ კულტურას – ცეკვებს, ტრადიციებს, სამზარეულოს. მოვისმინეთ ინტეგრაციისა და მრავალფეროვნების შესახებ ტრენინგები. მადლობა პარტნიორ ორგანიზაციას ამ ინიციატივისათვის,“ – სთქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერმა სალომე ჭანკოტაძემ. აღნიშნული გაცვლითი პროგრამის მიზანი იყო ქართულ-სომხური კულტურის გაცნობა და სასკოლო სამოქალაქო კლუბების დაახლოება, ასევე ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. ღონისძიება გაშუქდა ადგილობრივი სათემო რადიო NOR-ის მიერ.