აჭარის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებს აჭარის სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა ლექცია – სემინარი ჩაუტარეს თემაზე: „გაუდაბნოება და გვალვა საქართველოში“. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია გაუდაბნოებისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.
გაუდაბნოების ერთერთ მიზეზად მოსახლეობის მიერ არასწორი სამეურნეო საქმიანობის წარმართვა დასახელდა. შემდეგ მოსწავლეებმა და სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა ერთობლივად დაგეგმეს და განახორციელეს გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია აჭარის რეგიონში.
სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით მოეწყო მოსწავლეების საექსპედიციო ტური ქედის და შუახევის რაიონებში. მოსწავლეებმა ადგილზე დაათვალიერეს მაღალმთიანი ეკოსისტემები და ადგილები, სადაც დაწყებულია ნიადაგის გაუდაბნოების პროცესი.
მოსწავლეებმა ასევე, ნახეს გაუდაბნოების წინააღმდეგ სატყეო სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებები. ექსპედიციის დროს მოსწავლეები შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, ესაუბრნენ გაუდაბნოების შემაჩერებელ ღონისძიებებზე, დაურიგეს ფლაერები, თუ როგორ აწარმოონ სამეურნეო საქმიანობა ისე, რომ არ დააზიანონ ბუნება. ტურის დროს, მოსწავლეებმა დაათვალიერეს აჭარის სატყეო სააგენტოს მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის სამსახურის ლაბორატორია. სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით სექტემბერ ოქტომბრის თვეებში, სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები განახორციელებენ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას.