2015 წლის 10 ივლისს, ბორჯომში გაიმართა პროგრამის „მომავლის თაობა“ შიდა ქართლის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეების სამუშაო შეხვედრა. შეხვედრა მიზნად ისახავდა მოსწავლეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, საუკეთესო პროექტებისა და ინიციატივების შესახებ გამოცდილების გაზიარებას და სამომავლოდ ერთობლივი აქტივობების დაგეგმვას.
სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკის მონაწილე კასპის და ქვეშის სკოლების მოსწავლეებმა თანატოლებს გაუზიარეს ბანაკში მიღებული შთაბეჭდილებები და ტრენინგებზე მიღებული ცოდნა, რომელსაც ეფექტურად გამოიყენებენ სამოქალაქო აქტივობების დროს. მოსწავლეებმა შეაჯამეს განვლილი წლის საქმიანობა, გამოკვეთეს პრობლემები და იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე, დაგეგმეს ერთობლივი ღონისძიებები.
მოსწავლეებმა მთელი დღე ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე გაატარეს. სამუშაო ნაწილს მოჰყვა სახალისო თამაშები, ენერჯაიზერები და მუსიკალური ნომრები.
გასვლით სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო შიდა ქართლის რაიონის პროგრამის პარტნიორი სკოლების 22 -მა მოსწავლემ. შეხვედრა ორგანიზებული იყო საზოგადოება “ბილიკის” მიერ სამოქალაქო განათლების პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში.