2015 წლის 28 იანვარს, კერძო სკოლა “ივერონის” ბიბლიოთეკაში ჩატარდა სამოქალაქო კლუბის მიერ ინიცირებული პროექტის „გარემოს დაცვა-მწვანე ყუთი” – დასკვნითი ღონისძიება. შეხვედრაზე კლუბის წევრებმა ისაუბრეს ეკოლოგიურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
მოსწავლეებმა ერთ-ერთ მწვავე ეკოლოგიურ პრობლემად ხე-ტყის გაკაფვა დაასახელეს, რაც უამრავი სტიქიური მოვლენის წინაპირობაა. აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში საკუთარი წვლილის შესატანად კლუბის წევრები ერთი თვის განმავლობაში სკოლაში და თემში აგროვებდნენ მაკულატურას, რომელიც წიგნებში გადაცვალეს და სკოლის ბიბლიოთეკას 18 ახალი წიგნი შემატეს.
„ჩვენ მიერ განხორციელებული ინიცატივის შედეგად სიცოცხლე ოთხ ხეს შეუნარჩუნდა“ – სიამაყით აღნიშნა სამოქალაქო კლუბის „ივერონი“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანი ჩიჩუამ. ღონისძიებას ესწრებოდა საბურთალოს რაიონის მუნიციპალიტეტის – დიდი დიღმის, პატარა დიღმის, სოფელი დიღმის და ვაშლიჯვრის საუბნო სამსახურის უფროსის მოადგილე ბ-ნი ვლადიმერ კაპანაძე.
იგი სიამოვნებით ჩაერთო აქციაში და პატივისცემის ნიშნად, პრეზენტაციას სამოქალაქო განათლების კლუბის მაისურით დაესწრო. „ძალიან საინტერესო შეხვედრაა, ბევრი რამის სწავლა შეიძლება თქვენგან. იმედია, კიდვ უფრო მეტი თქვენი თანატოლი იქნება მსგავს პროექტებში ჩართული“- აღნიშნა მოწვეულმა სტუმარმა. ბატონმა
ვლადიმერმა მოსწავლეებს მომავალშიც აღუთქვა დახმარება და საბურთალოს მუნიციპალიტეტის შენობაში მწვანე ყუთის დადგმა შესთავაზა. ინიციატივის „გარემოს დაცვა – მწვანე ყუთი“ დასკვნით ღონსძიებას 30-მდე სტუმარი ესწრებოდა, სკოლა „ივერონის” დამფუძნებელი,
დირექტორი, მასწავლებლები, მოსწავლეები და თემის წარმომადგენლები.