ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლამ წარმატებით განახორციელა სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა;; მცირე გრანტის პროექტი ,,სასკოლო ბიბლიოთეკის საჭირო ინვენტარით აღჭურვა;;. სკოლაში წლების მანძილზე არ არსებობდა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ოთახი, სადაც მოსწავლეები სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს გამართავდნენ.

ყოველთვის დიდი სურვილი ჰქონდათ, ასეთი ოთახი მათი სკოლის ბიბლიოთეკა ყოფილიყო. ლანა ღონღაძე, ბორის საჯარო სკოლის მოსწავლე: ,,როცა საგრანტო კონკურსი გამოცხადდა, ბევრი არც გვიფიქრია, ეს ჩვენი ოცნების ასრულების საუკეთესო შანსი იყო.

პროექტის მიზანი იყო სკოლის ბიბლიოთეკაში შექმნილიყო მუშაობისთვის ხელსაყრელი პირობები, როგორც პედაგოგებისთვის, ისე სკოლის მოსწავლეებისათვის. თან, ამ გარემოს ყოველთვის გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სამოქალაქო განათლების გაკვეთილები უფრო საინტერესოდ ჩატარდეს.;;

პროექტის ფარგლებში სკოლამ ეკრანი, ფოტოაპარატი და ხმის გამაძლიერებელი შეიძინა, ხოლო ბიბლიოთეკის რემონტი და ავეჯი სკოლის ადმინისტრაციამ უზრუნველყო.

ფერიდე ბერაძე, ბორის საჯარო სკოლის მოსწავლე: ,,ახალ სივრცეში პირველი სტუმრებიც მივიღეთ, ჩვენს სკოლაში მოეწყო ლიტერატურული მონო-სპექტაკლების -,,ამ მიწის ბედი ჩემი ბედია და ,,მოყვასისადმი შეწირულები-ს ჩვენება, რომელიც ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა ჩაატარა‘;. პროექტის წარმატებით განხორციელებაში ბორის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ჩაერთნენ. მაია ბარბაქაძე, სამოქალაქო განათლების პედაგოგი: ,,აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლის ბიბლიოთეკაში ჩვენ მხოლოდ გარემო არ გავაუმჯობესეთ, სკოლის მოსწავლეთა ინიციატივით და არასამთავრობო ორგანიზაციასთან ,,მოზარდთა სახლი;; პარტნიორობით გაიზარდა ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდიც.;;

წარმატებული პროექტის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი მედიის, გაზეთ ,,ჩემი ხარაგაულის;; საშუალებითაც გავრცელდა.