სოფელ სვირის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა წარმატებით განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი „სუფთა გარემო ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარია“, რომლის მიზანი ბუნებაზე ზრუნვა გახლდათ. მოსწავლეები პროექტის დასრულების შემდეგაც აგრძელებენ ბუნების დაცვით საქმიანობას.
2016 წლის 10 მარტს, სოფელ სვირის სკოლის ეზოში ყვავილების ბილიკი დაირგა. გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს თემის წარმომადგენლებმა, კლუბის წევრებმა და სკოლის მოსწავლეებმა.
„გარემოს დაცვით ღონისძიებებში მოსწავლეების მონაწილეობას დიდი საგანმანათლებლო ფუნქცია აქვს. ამ დროს მოსწავლეებს ნანახი, მოსმენილი და გაკეთებული უკეთ ამახსოვრდებათ, ვიდრე მხოლოდ მონათხრობი მასალა.
ყვავილების დარგვის და გარემოს დასუფთავების შემდეგ მიღებული პირადი გამოცდილება ახალგაზრდებს გარემოსადმი საკუთარ დამოკიდებულებას უყალიბებს. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ კლუბის წევრებმა ითანამშრომლეს თემთან, საიდანაც მოიძიეს ყვავილების ნერგები და გაალამაზეს სკოლის ეზო, “ სთქვა სოფელ სვირის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ნუგზარ ლომიძემ. ინიციატივის მიზანი იყო სკოლის ეზოს დასუფთავება, ყვავილების ნერგების მოძიება და დარგვა. სამოქალაქო კლუბის მიერ ჩატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა სოფლის მოსახლეობამ და სურვილი გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს მოსწავლეების მიერ დაგეგმილ სხვადასხვა საქმიანობაში.