კოლხური ბზა, რომელიც „წითელ წიგნშია“ შეტანილი, გადაშენების პირასაა. უკანასკნელ წლებში ბზის ბუნებრივი კორომების უდიდესი ნაწილი სრულიად განადგურდა გავრცელებული დაავადების გამო.

აღდგენითი ღონისძიებების დაუყოვნებლივ გატარებაა საჭირო, რათა უნიკალური, კოლხური ტყეების ერთ-ერთი დომინანტი სახეობა გარკვეულ ტერიტორიებზე მაინც გადარჩეს. პრობლემა განსაკუთრებით მძიმეა სამეგრელოსა და აჭარის რეგიონში.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა გადაწყვიტა მოენახა გზა მათი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბზის ნარგავების გადასარჩენად. მოსწავლეებმა დახმარებისთვის წერილობით მიმართეს ადგილობრივ თვითმართველობას, რათა მათ უზრუნველეყოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ბზის ნარგავების შეწამვლა სპეციალური ხსნარით.

გამგეობამ დააკმაყოფილა მათი თხოვნა და გამოაგზავნა სპეციალური სამსახური, რომელმაც მოსწავლეებთან ერთად შეწამლეს ბზა. სამოქალაქო კლუბის წევრებმა კოლხური ბზის გადასარჩენად საინფორმაციო ბუკლეტები დაამზადეს და დაარიგეს თემში, რომლითაც მოუწოდეს მოსახლეობას არ მოჭრან, შეწამლონ და გადაარჩინონ კოლხური ბზა.