2015 წლის 17 აპრილს, თბილისში, განათლების მულტიმედია ცენტრში, გაიმართა პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში ჩატარებული ბლოგების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება. ბლოგების კონკურსი 2015 წლის თებერვალში გამოცხადდა და მასში აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებიდან 110-მა IX-X კლასელმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
აქედან ჟიურიმ 21 გამარჯვებული მოსწავლე გამოავლინა, რომლებმაც 6 სხვადასხვა თემატურ ნომინაციაში I, II და III ადგილები გადაინაწილეს. ექვს ნომინაციაში წარმოდგენილი ბლოგები მოიცავდა შემდეგ თემებს: ახალგაზრდა მოხალისე, ახალგაზრდა ომბუდსმენი, ბუნების დამცველი, მოქალაქე ჟურნალისტი, ჯანსაღი ცხოვრების ადვოკატი და ახალგაზრდა განმანათლებელი.
პირველ და მეორე ადგილზე გასულ კონკურსანტებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები ჟიურის საპატიო წევრებმა გადასცეს. ჟიურის წარმოადგენდნენ: ნინო ერემაშვილი, სამოქალაქო განათლების ექსპერტი; ნატა სულთანიშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო; მაია ქობალია, „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“; შალვა მეკრავიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ირაკლი კუცია, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები და თიკო ნაჭყებია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი.
ბლოგების კონკურსის სხვადასხვა თემატურ ნომინაციებში პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს მოსწავლეებმა: ცოტნე ვანიშვილმა, მარიამ ზარიძემ, კარლო ხუციშვილმა, საბა ქოსაშვილმა, თამარ ქურდაძემ, თინათინ გელაშვილმა, ლალი უჩიძემ, ლუკა ბაკუზანოვმა, საბა ბექაურმა, თეა უჩიძემ, მერაბ წიკლაურმა და ქრისტინე ინასარიძემ. მესამე ადგილზე გასული ბლოგების ავტორები მიიღებენ სამახსოვრო საჩუქრებს და სერტიფიკატებს. ბლოგების კონკურსი ჩატარდა პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.