2015 წლის მარტში, ბათუმის “მომავლის სკოლის” სამოქალაქო კლუბის წევრების მიერ განხორციელებული ადვოკატირების კამპანიის შედეგად, სკოლის წინ საგზაო ნიშანი დაიდგა. კლუბის წევრებმა ჩაატარეს გამოკითხვა თემში არსებული პრობლემების გამოსავლენად.
გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები. მოსწავლეებმა დაგეგმეს ადვოკატირების კამპანია, რომელიც თემში არსებული პრობლემების მოგვარებას ისახავდა მიზნად.
კერძოდ, მათი სკოლის წინ არ არსებობდა სიჩქარის შემაფერხებელი ნიშანი ან ბარიერი, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომობილების სწრაფი და ინტენსიური მოძრაობა საფრთხეს უქმნიდა ფეხით მოსიარულე მოსწავლეების და მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას. აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით სამოქალაქო კლუბის წევრებმა წერილობით მიმართეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი ჭეიშვილს და გააცნეს მათ მიერ გამოვლენილი პრობლემა.
საკრებულომ მყისიერი რეაგირება მოახდინა და ბათუმში, “მომავლის სკოლის” წინ დამონტაჟდა სიჩქარის შემაფერხებელი კონსტრუქცია. საგზაო ნიშნის დადგმის პროცესში თავად კლუბის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა. კლუბის წევრების მიერ განხორცილებული წარმატებული კამპანიის შედეგად სკოლის 186 მოსწავლის, 40 მდე პედაგოგის და ასევე იქ მცხოვრები მოქალაქეების გადაადგილება აღნიშნულ მონაკვეთზე გახდა შედარებით უსაფრთხო და დაცული ავტოსაგზაო შემთხვევებისგან.