ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ქ. თბილისის №26 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნეს.
მათ გადაწყვიტეს პირველი ივნისისთვის სკოლის მიმდებარე ტერიტორია მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გაეხადათ და სკოლის ეზოს წინ ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელი დაეხაზათ. კლუბის წევრებმა, გადასასვლელის დახაზვასთან დაკავშირებით, სკოლის დირექციის დახმარებით, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ადვოკატირების პროცესი აწარმოეს და სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს.
აღსანიშნავია ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მხარდაჭერა, რის შედეგადაც სიტყვა საქმედ სწრაფად იქცა და აღნიშნულ ტერიტორიაზე, მათი დახმარებით, ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელი მართლაც დაიხაზა. 2016 წლის პირველ ივნისს, №26 საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბის მიერ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სხვა აქტივობებთან ერთად, ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელის გახსნა მოეწყო, რომელსაც ქ.
თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს წევრი, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ სტუმრები №26 საჯარო სკოლის აღსაზრდელებთან ერთად ჩაერთვნენ “ზებრა” გადასასვლელის მოხატვაში.