სოფელ რუისის №3 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი „ბავშვები ბულინგის წინააღმდეგ“. პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას და მათ გააქტიურებას ბულინგის აღმოფხვრის პროცესში.

პროექტის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა რამდენიმე საინტერესო ღონისძიება: მე-10 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა „ვინ რას ფიქრობს ბულინგზე“, შედეგები გამოიცა ბუკლეტის სახით და დაურიგდა, როგორც სკოლის მოსწავლეებს, ისე თემის წევრებს; ფსიქოლოგმა ქ-ნმა ლალი უმეკაშვილმა ბულინგის თემაზე მოსწავლეებთან ტრენინგი ჩაატარა, ხოლო მოგვიანებით ქ-ნი ლალი დაესწრო ფილმის „ტბა“ ჩვენებას და მის განხილვას ბავშვებთან და მშობლებთან ერთად. ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა რუისის სკოლის კურსდამთავრებულთან ბ-ნ მევლუდ ბალიაშვილთან, რომელმაც ბულინგზე ისაუბრა და შემდეგ მოსწავლეები ქარელის პოლიციაში მიიწვია, სადაც მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ პოლიციის მუშაობის სპეციფიკას და დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე და ბულინგზე მათ შორის.

სკოლაში ჩატარდა ნახატების და ესეების კონკურსი ბულინგის თემაზე. დაჯილდოვდნენ გამარჯვებული მოსწავლეები.

პროექტის დასრულების შემდეგ დაგეგმილია რადიო გადაცემა, სადაც ბულინგის თემაზე ისაუბრებენ ფსიქოლოგი, სამოქალაქო განათლების პედაგოგი და მოსწავლეები და მსმენელს პროექტის შედეგებს და მიღებულ გამოცდილებას გააცნობენ.