2016 წლის 31 მარტს, წილკნის საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა ახალგაზრდული ფორუმი მცხეთა -მთიანეთის 4 სასკოლო სამოქალაქო კლუბის 25 წარმომადგენლის, პარტნიორი ორგანიზაციისა და მოწვეული სტუმრების მონაწილეობით. ფორუმის მსვლელობისას გამოიკვეთა ხუთი პრიორიტეტული თემა და ჯგუფებმა უკვე ამ თემებიდან მათთვის უპირატესი პრობლემები შეარჩიეს.
პირველმა ჯგუფმა, ძველი ქანდისა და მისაქციელის საჯარო სკოლების სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა, პედაგოგ ნანი ძიგოშვილის დახმარებით, მოამზადეს პროექტი ,,ჯანსაღი თაობა ბედნიერი მომავლისათვის!“ , ხოლო მეორე ჯგუფმა – ქსოვრისისა და წილკნის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა, პედაგოგების შორენა პაპაშვილისა და მაია ხვედიანიძის დახმარებით მოამზადა საპროექტო წინადადება მავნე ჩვევების შესახებ. ფორუმის მეორე ნაწილში, მოწვეულ სტუმრებს – ადგილობრივი თვითმმართველობის, სკოლის დირექციების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოსწავლეებმა წარუდგინეს პროექტები და მხარდაჭერა სთხოვეს.
ორივე პროექტმა მხარდაჭერის პირობა მიიღო, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისაგან, ისე დირექციისა და არასამთავრობო ორგანიზაციისაგან. ნინო ლაზვიაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე: – მიხარია, რომ მოსწავლეები კარგად ახდენენ პრობლემების იდენტიფიცირებას და სწორად სახავენ მათი მოგვარების გზებს.
ეს გვაძლევს რწმენას, რომ ისინი აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბდებიან. რაც შეეხება პროექტების მხარდაჭერას, ორივე რეალისტური პროექტია, საბოლოო ჩამოყალიბების შემდეგ მოგვმართავენ საკრებულოში და შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება მათი ხელშეწყობა.