გორში გაიმართა მოსწავლეთა ფორუმი, რომლის მიზანი იყო პროგრამაში „მომავლის თაობა“ ჩართული შიდა ქართლის სკოლების მოსწავლეების სამოქალაქო აქტივობის გაზრდა და მათი ჩართულობის ხელშეწყობა ადგილობრივი მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ახალგაზრდული ფორუმის ჩატარების ინიციატივას მხარი დაუჭირა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და 855 ლარი გამოყო “ახალგაზრდული ინიციატივების და პროექტების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის პარტნიორი 12 სკოლის სამოქალაქო კლუბების წევრმა მოსწავლეებმა და პედაგოგებმა. ფორუმზე მოსწავლეებმა ფასილიტატორებთან ერთად შეიმუშავეს 3 საპროექტო იდეა და 3 ინიციატივა, რომლებიც წარუდგინეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მხარდაჭერის მიზნით.

2015 წლის 25 დეკემბერს, ფორუმის მონაწილე მოსწავლეები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს წევრებს შეხვდნენ, სადაც გამოვლენილ სათემო პრობლემებზე ისაუბრეს და მათი მოგვარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, როგორც პოტენციურ მხარდამჭერებთან გაიმართა.

თვითმმართველობის წევრებმა, მოზარდებს აქტიური მხარდაჭერა გამოუცხადეს და სამომავლო თანამშრომლობისათვის მზაობა გამოთქვეს. მარიამ ბუთხუზი, გორის სკოლა ლიცეუმის მე-9 კლასის მოსწავლე: „ფორუმზე რამდენიმე საკითხი განვიხილეთ და ევროინტეგრაციაზე შევჯერდით. სამწუხაროდ, ზოგჯერ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით არაინფორმირებულობის ბრალია და საზოგადოებას, ახალგაზრდობას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, სწორი და ამომწურავი ინფორმაცია სჭირდება“.