2015 წლის 18 მარტს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრების ინიციატივით სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში ახალგაზრდული ფესტივალი „ჩემი თავისუფალი დრო“ გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ერთობლივად იმსჯელეს ახალგაზრდების თავისუფალი დროის სწორად გამოყენებაზე. თავდაპირველად, სამოქალაქო კლუბების წევრებმა მოაწყვეს მსვლელობა, რომლის დროსაც ტრანსფარანტებისა და საინფორმაციო ბუკლეტების საშუალებით გააცნეს მოსახლეობას ფესტივალის მიზნები.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში მოეწყო პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრების ნახატების კონკურსი თემაზე: „ჩემი თავისუფალი დრო“. კონკურსანტებმა მოწვეულ სტუმრებს გააცნეს თემში არსებული პრობლემები, რაც ხელს უშლის ახალგაზრდებს რაციონალურად გამოყენონ თავისუფალი დრო.

უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში საჯარო დებატების სახით გაგრძელდა ფესტივალი, რომელსაც უძღვებოდა სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კოორდინატორი ნინო ნადირაძე. შეხვედრას ესწრებოდნენ ფსიქოლოგი, ადგილობრივი მედიის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს თავისუფალი დროის რაციონალურად გამოყენების საკითხებზე და მის მნიშვნელობაზე. გაიმართა გამარჯვებული ვიდეო რგოლების ჩვენება. ჟიურიმ, რომელსაც ტელეკომპანია „მეცხრე არხისა“ და გაზეთ „სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტები წარმოადგენდნენ, გამოავლინეს საუკეთესო ვიდეორგოლის ავტორები. 3 საუკეთესო ვიდეო რგოლისა და 3 საუკეთესო ნახატის ავტორები სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს. ასევე, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, მერიამ და ა/ო სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობის ცენტრის დირექტორმა ნინო რუხაძემ მათ მიერ შერჩეულ მოსწავლეებს სპეციალური პრიზები, ხოლო თითოეულ მონაწილეს ფესტივალში აქტიური ჩართვისათვის სერთიფიკატები გადასცეს. დასასრულს, უნივერსიტეტის ეზოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ფლეშ მობი მოაწყვეს. ღონისძიება, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International. პროგრამა ფინანსდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.