ხულოში, მაღალმთიან ვერნებში, მოსწავლეებს ჩანაფიქრი აუხდათ. მათი პროექტი „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ დააფინანსა. სკოლას კომპანიისგან საჩუქრად 3,000 ლარის ღირებულების სპორტული ინვენტარი გადაეცა. ინვენტარი მოიცავს მკლავჭიდის მაგიდას, ველოტრენაჟორს, ჰანტელებს, კრივის ტომარას და სხვა ნივთებს. ხულოში მკლავჭიდი პოპულარული სპორტია, თუმცა, ხანგრძლივი და მკაცრი ზამთრის პირობებში, მოსწავლეები ვერ ახერხებდნენ გარე სივრცეში ვარჯიშს და სპორტული შეჯიბრებებისთვის მომზადებას. მათ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამართულ სკოლა-ბიზნესის ფორუმზე წარადგინეს პროექტი, რომელიც სკოლაში მკლავჭიდის სავარჯიშო სივრცის მოწყობას ისახავდა მიზნად. მოსწავლეებმა პროექტი სამოქალაქო განათლების პედაგოგის, ინდირა გაბაიძის დახმარებით შეიმუშავეს.“ჩვენი კომპანია, „აჭარისწყალი ჯორჯია,“ მუდამ გამოხატავს მხარდაჭერას მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობის მიმართ. მონაწილეობა მივიღეთ ბათუმში გამართულ სკოლა-ბიზნესის ფორუმში და აღფრთოვანებული დავრჩი, თუ როგორი ენთუზიაზმით გვიზიარებდნენ ახალგაზრდები მათ პროექტებს. ფორუმის შემდგომ, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მხარდაჭერა გამოგვეხატა იმ სკოლების მიმართ, რომლებიც „შუახევი ჰესის“ ოპერირების არეალშია მოქცეული. ასე დავუკავშირდით ვერნების სკოლას. ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის მიზანი არა მხოლოდ ცალკეული პრობლემების მოგვარებაა, არამედ მომავალი თაობისთვის იმის ჩვენება, თუ როგორ უნდა მუშაობდეს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რომ ამ ახალგაზრდებმა სწორი პრინციპებით და ღირებულებებით გააგრძელონ ცხოვრება.” – განაცხადა რაკეშ ნაიკმა, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში სკოლა-ბიზნესის ფორუმი ყოველწლიურად საქართველოს 11 რეგიონში იმართება. ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ მათ მიერ შემუშავებულ პროექტებს, რათა იპოვონ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც ამ პროექტების განხორციელებაში დაეხმარებიან. ამავდროულად, კომპანიები მოსწავლეებს სთავაზობენ სტაჟირების შესაძლებლობებს, რაც მათ პროფესიულ ორიენტაციას შეუწყობს ხელს. სკოლა-ბიზნესის ფორუმები უკვე წარმატებით ჩატარდა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიაში.