2016
წლის 25 მარტს, ქ. თბილისის №186 საჯარო სკოლაში გაიმართა
გამოფენა და მოსწავლეთა თხზულებების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება თემაზე
„ქალის როლი საქართველოს ისტორიასა და დღევანდელობაში“.
მოსწავლეებმა
სტუმრებს წარუდგინეს ინფორმაცია საქართველოს ისტორიიდან 10 გამოჩენილი ქალბატონის საქმიანობის შესახებ. ღონისძიება
გახსნა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორმა, ქ–ნმა მარინა
უშვერიძემ.
დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა ქ-ნმა ფრანჩესკა კელიმ, საქართველოში
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მეუღლემ. ნაჩვენები
იყო ქალისა და მამაკაცის თანასწორობის თემაზე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ამსახველი
ვიდეო რგოლი.
ქ-ნმა
ფრანჩესკა კელიმ საქართველოს ისტორიასა და დღევანდელობაში ქალის როლის შესახებ თხზულებების
კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა. დასასრულს,
მოსწავლეებმა აშშ-ის ელჩთან, მის მეუღლესთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად გამართეს
დისკუსია თემასთან დაკავშირებით. მოწვეულ
სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია
გიგაური, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე,
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს
მისიის დირექტორის მოადგილე ტომ მორისი, PH International საქართველოს დირექტორი ბერდია ნაცვლიშვილი, თბილისის
საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი შორენა ბუხრაშვილი,
სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლები.