ჭიათურის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,ორთოდოქსები” წევრები ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ.
კლუბის წევრებმა გამწვანების აქცია დაგეგმეს და სკოლის დირექციასთან შეთანხმებით, ქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბატონ სულხან მახათაძეს მწვანე ნარგავების გამოყოფასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართეს. ქალაქის გამგებლის შუამდგომლობით ჭიათურის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ბატონმა ზურაბ ცარციძემ, კლუბის წევრებს აქციისთვის ნერგები და სამუშაო იარაღები გადასცა.
აქცია ,,მწვანე ფილტვები” ა.წ. 22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღეს გაიმართა და ჭიათურაში, საპატრიარქო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, 35 ძირი ხეხილის ნერგი დაირგო.
აქციაში სამოქალაქო კლუბის წევრები, სკოლის მე9, მე10 კლასის მოსწავლეები, პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ჭიათურის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. სამოქალაქო კლუბის წევრებს დაგეგმილი აქვთ მომავალშიც განახორციელონ გამწვანების აქციები, რისთვისაც კეთილმოწყობის სამსახური კლუბს 300 – მდე ნერგს გადასცემს. აქცია ჩატარდა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში. პროგრამა ორგანიზაცია PH International-ის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. იმერეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი.