თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით, აჭარის რეგიონის სალიბაურის №1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა წამოიწყეს საქველმოქმედო აქცია „ვეხმარებით თანატოლებს“. აქციის შესახებ ინფორმაცია კლუბის წევრებმა პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში გამართულ, აკადემიური წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოაცხადეს.
მოსწავლეებმა მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სალიბაურის №1 და ბათუმის №14 საჯარო სკოლებში გახსნილია დახმარების შტაბები, სადაც მოხდება აქციის მხარდამჭერების მიერ გაწეული დახმარებების შეგროვება. აქციაში უკვე ჩაერთვნენ ბათუმის მცირე საოჯახო ტიპის აღსაზრდელები, რომლებმაც წიგნები გადასცეს აქციის ორგანიზატორებს, ხოლო პროგრამის პარტნიორი სკოლის უმცროსკლასელებმა თანატოლებს საკანცელარიო ნივთები შეუძინეს.
აქციის ფარგლებში, კლუბის წევრები, ასევე გეგმავენ ადგილობრივ ბიზნეს ორგანიზაციებთან, კვების ობიექტებთან, აფთიაქებთან თანამშრომლობას და მათ აქციაში ჩართვას. ბათუმში პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწავლეების, პედაგოგების და ჟურნალისტების მონაწილეობით ჩატარდება საქველმოქმედო კონცერტი.
გაიმართება გამოფენა – გაყიდვა სკოლებში არსებული ხელოვნების ჯგუფების წევრების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების. კონცერტის და გამოფენა-გაყიდვის შედეგად შეგროვილი თანხა გადაეცემა დაზარებულ მოქალაქეებს. საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზებას უზრუნველყოფს პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია – ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.