ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემში აქცია „აჩუქე წიგნი ბიბლიოთეკას“ ჩაატარეს. აქციის ფარგლებში შეგროვებული წიგნები, სოფელ ხამისქურის სათემო ბიბლიოთეკას გადაეცა.

პარალელურად მოსწავლეებმა დახმარებისთვის ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართეს.აქციას წინ უძღვოდა გამოკითხვა იმის დასადგენად, სარგებლობდნენ თუ არა ახალგაზრდები სათემო ბიბლიოთეკით. კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა არ სარგებლობს ბიბლიოთეკით, რადგან მის ფონდში არ არის თანამედროვე და მათთვის საინტერესო ლიტერატურა.

ინიციატივის ფარგლებში, წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით სკოლაში ჩატარდა კონკურსი სახელწოდებით „წიგნების თარო“. კონკურსი მოიცავდა შეკითხვებს ლიტერატურიდან და მასში მონაწილეობა ხამისქურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.