2015 წლის 3 ივნისს ამერიკის დღეების აღნიშვნა, აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით, ახალციხეში გაგრძელდა. რაბათის ციხეში გამართულ საინფორმაციო გამოფენას და გასართობ ღონისძიებებს აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი,   სამცხე-ჯავახეთის თვითმმართველობის წარმომადგენლები,  საზოგადოების წევრები და სტუმრები ესწრებოდნენ.

აშშ-ის ელჩს რიჩარდ ნორლანდს,  პროგრამის ”მომავლის თაობა” სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა,  საქმიანობის ამსახველი ფოტო გამოფენა წარუდგინეს და მათ მიერ განხორციელებული პროექტები და ინიციატივები გააცნეს. ბ-ნი ელჩი მოსწავლეებს გაესაუბრა და მათი მომავალი გეგმების შესახებ დაუსვა შეკითხვები.

შემდეგ მოსწავლეებმა და საპატიო სტუმარმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. პროგრამაში ჩართულმა მოსწავლეებმა ღონისძიების სტუმრებს ფლეშმობი თემაზე ”ჩემი თავისუფალი დრო” წარუდგინეს.

ბ-ნმა ელჩმა საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ქართველი და ამერიკელი ხალხის მეგობრობას გაუსვა ხაზი. დღის ბოლოს გაიმართა კონცერტი. ამერიკის დღეების სტუმრებმა მოისმინეს ამერიკული მუსიკა, ნახეს ქუჩის ცეკვები ქართველი და ამერიკელი არტისტების შესრულებით და ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამის ჰიპ-ჰოპ და როკ-ფიუჟენის ჯგუფის „დეინჯერფლოს“ გამოსვლა. ამერიკის დღეები საქართველოში 2 ივნისს ზუგდიდში გაიხსნა, 4 ივნისს გორში გაგრძელდება და 6 ივნისს თბილისში დასრულდება.