2015 წლის 8 თებერვალს, საზოგადოება „ბილიკში”, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ადვოკატირება სოციალური ცვლილებების საფუძველი”. ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა, ადვოკატირების არსი და მიზნები, ეფექტური ადვოკატირების კამპანია და მისი ეტაპები, ადვოკატირების სახეები, ადვოკატირების შედეგების მართვა და მონიტორინგი.

ტრენინგის მეორე ნაწილში მოეწყო ჯგუფური მუშაობა, მონაწილეებმა აირჩიეს მათ თემში აქტუალური პრობლემა და იმსჯელეს მისი გადაწყვეტის გზებზე, მოსწავლეებმა განიხილეს სკოლის და თემის პრობლემები, გააკეთეს ნამუშევრების პრეზენტაციები და დაგეგმეს ადვოკატირების კამპანიები. „მსგავსი ტრენინგები ეხმარება მოსწავლეებს ჩაერთონ საზოგადოებრივ საქმიანობაში.

მათ უყალიბდებათ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ისინი სენსიტიური ხდებიან სათემო პრობლემების მიმართ“,- სთქვა ტრენინგზე მოწვეულმა გორის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველმა ბ-ნმა შალვა ტლაშაძემ. ბ-ნმა შალვამ მოსწავლეებს მოუწოდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობისაკენ და აღნიშნა, რომ მათი განათლების, ცნობიერების დონის ამაღლების და სამოქალაქო აქტიურობის ზრდის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა მზადაა ითანამშრომლოს სკოლებთან და მოსწავლეთა ინიციატივები და პროექტები დააფინანსოს.

ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა გადაწყვიტეს წერილობით მიმართონ ადგილობრივ გამგეობას, რათა მათ ტრენინგზე დაგეგმილი ადვოკატირების კამპანიები რეალურად განახორციელონ და მიღებული ცოდნა საზოგადოებაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენონ. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო გორის სკოლა გიმნაზიის, გარეჯვრის, ძევერის, ქვეშის, მერეთის, ქიწნისის, მოხისის, ატენის საჯარო სკოლების თექვსმეტმა მოსწავლემ და ორმა პედაგოგმა.