2015 წლის 8 სექტემბერს, დაბა ხულოს მუნიციპალიტეტში, პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების მოსწავლეებისთვის სამოქალაქო განათლების დღის ბანაკი „მხარდაჭერა ცვლილებებისთვის-2015“ გაიმართა. დღის ბანაკის მიზანი მოსწავლეების მიერ თემში არსებული პრობლემების გამოვლენა და დაინტერესებულ მხარეებთან მათი განხილვა იყო.
ბანაკში მონაწილეობა ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლების მე910 კლასის 30 მოსწავლემ მიიღო. დღის ბანაკს ფასილიტაციას მაღალმთიანი აჭარის სკოლების მოსწავლეები უწევდნენ, რომლებიც პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებზე გადამზადდნენ.
მოსწავლეებმა ხულოს №1 საჯარო სკოლაში იმუშავეს ჯგუფებში და ბანაკის ლიდერებთან და ფასილიტატორებთან ერთად განიხილეს პრობლემური საკითხები. შემდეგ, ხულოს გამგეობის დარბაზში მოსწავლეებმა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს წარუდგინეს მათ მიერ შემუშავებული ადვოკატირების პროექტები, რომლებიც თემში არსებული პრობლემების მოგვარებას ისახავდა მიზნად.
პრეზენტაციების შემდეგ გამოიკვეთა პრობლემების მოგვარების უშუალო გზები. დღის ბანაკის დასკვნით ნაწილს ესწრებოდნენ ხულოს გამგეობის წევრები და ხულოს №1 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ბანაკში შემუშავებული პროექტების განხორციელებას მოსწავლეები, სკოლისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით, ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე შეუდგებიან. დღის ბანაკი პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის, „ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის“ ორგანიზებით მოეწყო.