24th Fe

ნინო ციმაკურიძე, კაზრეთის პირველი საჯარო სკოლა

მოგესალმებით, მინდა, ჩემი დამოკიდებულება გაგიზიაროთ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გავლილი ტრენინგ–კურსის „დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება“ და დამხმარე სახელმძღვანელოების შესახებ. მათ მართლაც შეუდარებელი დახმარება გამიწიეს სწორად დამეგეგმა ჩემი პედაგოგიური საქმიანობა.

ტრენინგის მეშვეობით ვისწავლე  კომუნიკაცია და პრობლემური სიტუაციების მარტივად მართვა, აგრეთვე – პროექტის წერა. კურსის შედეგად უფრო ნათელი გახდა საგნის არსი და სწავლების მეთოდები, რამაც კიდევ ერთხელ დამანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო განათლება მოსწავლის კანონმორჩილ და  აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბების საქმეში.

პროგრამის ფარგლებში გამოცემული ლიტერატურის დახმარებით ჩემს მოსწავლეებს დღეს უკეთ შეუძლიათ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, დემოკრატიული პრინციპების დანერგვა სკოლაში და თემში. ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას და უნარებს მე აქტიურად ვიყენებ, როგორც საგნის სწავლებისას, ისე საკლუბო მუშაობაში. ამის თვალსაჩინო მაგალითია ჩვენი საპრეზენტაციო გაკვეთილი „როგორ განვახორციელოთ თვითმმართველობა“, რომელიც სწორედ ტრენინგზე ათვისებულ მასალაზე დაყრდნობით ჩავატარე. გაკვეთილის მიზანი მოსწავლეებისთვის იმ უნარ-ჩვევების გადაცემა გახლდათ, რომლებიც სამომავლოდ არა მხოლოდ პროექტის წერაში გამოადგებათ, არამედ გამოკითხვის ჩატარებაში, ჯგუფურ მუშაობაში, დებატებში. გაკვეთილზე მათ საშინაო დავალებაც მიიღეს – ჩაეტარებინათ გამოკითხვა თემში, თუ რამდენად იცნობდა ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარ თვითმმართველობას და თვითმმართველობა იმ პრობლემებს, რომლებიც აწუხებს ხალხს. ამ გამოკითხვის საფუძველზე მიღებული მონაცემები მოსწავლეებმა თვითმმართველობაში გადააგზავნეს და მათი მხრიდან თანამშრომლობის შესახებ დადებითი პასუხი მიიღეს. შემდეგ მოსწავლეებმა აღნიშნულ პრობლემებზე პროექტები შეადგინეს, რომლებიც შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობას წარედგინა. პირველი პროექტი თვითმმართველობასთან ერთობლივი ძალებით დაბის დასუფთავებას ისახავს მიზნად, მეორე პროექტი კი –  სკოლის სპორტული ინფრასტრუქტურით და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვას.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ შესაძლებლობა მოგვცა კლუბის რამდენიმე წევრი 2012–2013 წლების ბიუჯეტის განხილვას დასწრებოდა. იმედი გვაქვს, რომ კლუბის პროექტების განსახორციელებლად საჭირო თანხებს ადგილობრივი თვითმმართველობა მომავალი წლის ბიუჯეტში მოიძიებს.

აი, ასეთი პრაქტიკული შედეგი ჰქონდა ჩვენს საპრეზენტაციო გაკვეთილს, რომელიც თავის მხრივ ტრენინგზე მიღებული ცოდნის და უნარების გამოყენებით შედგა.  ამ ყველაფერში კი უდიდესი წვლილი სწორედ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგს მიუძღვის, რისთვისაც  PH International–ს და CTC–ს მადლობას ვუხდი.