24th Fe

ნონა ფიფია, თბილისის 181–ე საჯარო სკოლა

მე ვარ თბილისის 181-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი და კლუბ „ნუსი“-ს ხელმძღვანელი ნონა ფიფია. სამოქალაქო განათლებას ვასწავლი 2006 წლიდან. თავდაპირველად საგნის სწავლებას, როგორც სიახლეს, გარკვეული სახის პრობლემები ახლდა – საგანს არა პროფესიონალი პედაგოგები ასწავლიდნენ, არ არსებობდა საგნის სწავლების მეთოდიკა  და ამიტომ სამოქალაქო განათლება მიიჩნეოდა მეორეხარისხოვან საგნად სკოლებში. ამ ფონზე საგნის პოპულარიზაციისა და პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა, რომელსაც PH International  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.  პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) პროგრამის მონაწილე პედაგოგებს სისტემატურად სთავაზობს ქართველი თუ უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტრენინგებს პედაგოგების პროფესიული განვითარებისათვის.

პირველი ტრენინგ-პროგრამა, რომელსაც მე დავესწარი იყო  „დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება“. იმ პერიოდისათვის ჩემთვის სიახლეს წარმოადგენდა პროექტული სწავლება, როგორც სასწავლო მეთოდი და შეფასების მეთოდები. არანაკლებ საინტერესო იყო საგნის არსისა და მიზნების უკეთ გაცნობაც, სამოქალაქო მონაწილეობა და სკოლის როლი დემოკრატიის განვითარებაში. ტრენინგის თითოეული დღე საქმიანი და სიახლეებით სავსე გახლდათ. ტრენინგზე მიღებული ცოდნის გამოყენება   კლუბური მუშაობის თვალსაზრისითაც იყო მნიშვნელოვანი და მას შედეგად პროექტი და  ახალი ინიციატივები მოჰყვა.

მეორე ტრენინგ-სემინარი, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დავესწარი, ამერიკელმა ტრენერებმა ჯიმ ბერტიომმა და  ქეთრინ ქედველმა ჩაგვიტარეს. ეს იყო ამერიკაში ცნობილი მეთოდოლოგიის „სათემო აქტივობით სწავლასწავლების“ გაცნობა. ტრენინგის ორი დღე ძალიან საინტერესო, საქმიანი და ხალისიანი აღმოჩნდა.  პირველი, რაც ამ ტრენინგიდან დამამახსოვრდა არის – „ავუხილოთ თვალები  ერთმანეთს“. იგი გულისხმობს პრობლემის აღმოჩენას, კვლევას, გადაწყვეტილების მიღებას და პროექტის დაგეგმვა–შეფასებას. ახლა ამ ყველაფერში მოსწავლეები თავად არიან ჩართული. ინიციატივების განხორციელებისას ჩვენმა კლუბმა ორჯერ მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას, წარუდგინა არსებული პრობლემის ირგვლივ კვლევა და შესაბამისი გამოხმაურებაც მიიღო მათგან.

პროგრამის ფარგლებში სისტემატურად ვესწრები რეგიონულ ღონისძიებებს – სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის გამოფენა-კონფერენციას, მრგვალ მაგიდას და სამოქალაქო განთლების ღია გაკვეთილებს. შედეგად, გავიცანი ჩემი კოლეგები  თბილისიდან, რეგიონებიდან, რაც ერთმანეთის გამოცდილების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობაა.