24th Se

ფატმან ღამბაშიძე-გვარამაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი

„ვთვლი, რომ პროგრამა ,,მომავლის თაობა’’ ახალი უნარების აღმოჩენისა და მოსწავლე ახალგაზრდებში  დემოკრატიული კულტურის დამკვიდრების შესაძლებლობაა. ამის ნათელი მაგალითია ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ,,პეგასის’’ მიერ ორი წლის განმავლობაში  განხორციელებული ათზე მეტი საკლუბო და საკლასო  პროექტი, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს როგორც სკოლის, ისე მოსწავლეების ცხოვრებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო საკლასო პროექტი ,,ჩვენ გვიყვარს კითხვა,’’ რომელმაც ერთობ დადებითად იმოქმედა მოზარდებზე - კითხვა შეაყვარა, მოტივაცია აუმაღლა და  განუვითარა შემოქმედებითი უნარი. ამ პროექტის დამსახურებით დღეს მათ თავისუფლად შეუძლიათ აუდიტორიის წინაშე გამოსვლა და პრეზენტაციების გაკეთება. 

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში განახლდა  სკოლის ბიბლიოთეკა და არსებულ წიგნთა მარაგი ახალი მხატვრული ლიტერატურით შეივსო; მოსწავლეები შეხვდნენ თანამედროვე ქართველ პოეტებს; თავად მოზარდების ლიტერატურული ნამუშევრები კი წიგნად აიკინძა.   პროგრამამ პირადად ჩემს  პროფესიულ განვითარებასაც შეუწყო ხელი და დღეს მენტორი მასწავლებელი ვარ. საგაკვეთილო პროცესში თუ პროექტული სწავლების დროს  აქტიურად ვიყენებ ტრენინგებზე, პროფესიული გაზიარების ჯგუფის შეხვედრებზე, კონფერენციებსა თუ ფორუმზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.  პედაგოგთა შორის აზრთა გაზიარება  და ურთიერთთანამშრომლობა დადებითად ისახება ჩვენს პროფესიულ ზრდა-განვითარებაზე და პრაქტიკულად გვეხმარება მუშაობაში. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ,,მომავლის თაობა’’ ჩვენთვისაც  და მოსწავლეებისთვისაც ახალი შესაძლებლობების წყაროა“ - ამბობს ფატმან ღამბაშიძე-გვარამაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი.