6th Aug

შორენა ტაბატაძე, თბილისის 159-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი

„ამაღელვებელია იმის გაცნობიერება, რომ ასეთ კრიზისულ ვითარებაში, როგორშიც ვიყავით და ვართ დღესაც და რომელსაც ხშირად უხილავ მტერთან ომსაც ადარებენ, შენც ერთი რიგითი ჯარისკაცი ხარ! ექიმებთან, პოლიციელებთან, მესაზღვრეებთან, ჯარისკაცებთან ერთად „ყაზარმულად” დგახარ შენი ქვეყნის სადარაჯოზე - იქ, სადაც შენი საქმით სჭირდები. ეს გიასმაგებს მოტივაციას.
ვფიქრობ, ნელ-ნელა დგება ის დრო, როდესაც სამოქალაქო განათლება „საათების შესავსები” საგანი აღარ არის და განსაკუთრებულ როლს ასრულებს მოქალაქის აღზრდისა და ჩამოყალიბების საქმეში.
ამას ადასტურებს ისეთ მასშტაბურ პროექტში, როგორიც ტელესკოლაა, საგნის ასე აქტიურად ჩართვა და მონაწილეობა, რაშიც დიდი წვლილი სამოქალაქო განათლების პროგრამას „მომავლის თაობა“ მიუძღვის. პროგრამა წლებია, ასეულობით სკოლასთან მუშაობს არა მარტო მოსწავლეების, არამედ მთლიანად სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად“ - აღნიშნა შორენა ტაბატაძემ.
COVID-19- ის პანდემიით გამოწვეული დისტანციური სწავლების პერიოდში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ტელეკომპანია „საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ თანამშრომლობით დაიწყო სატელევიზიო სკოლის პროექტი დისტანციური სწავლების მხარდაჭერის მიზნით. ქვეყნის მასშტაბით ყველა მოსწავლეს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა ტელესკოლის გაკვეთილებს.
USAID- ის სამოქალაქო განათლების პროგრამამ „მომავლის თაობა“ უზრუნველყო ტექნიკური მხარდაჭერა ტელესკოლის პროექტის მომზადების პროცესში. საგანმანათლებლო ვიდეოებს უძღვებოდა თბილისის 159-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი შორენა ტაბატაძე.
შორენამ უმასპინძლა 18 საგანმანათლებლო ვიდეოს სამოქალაქო განათლების სხვადასხვა თემებზე, რომლებიც მიზნად ისახავენ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას.