24th Fe

სამოქალაქო განათლების პედაგოგის პროფესიული წინსვლა - პაშა გულორდავა

2013 წელს განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადდა კონკურსი მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელძღვანელის თანამდებობაზე, რომელშიც სამეგრელოს-ზემო სვანეთის რეგიონის მარტვილის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა პაშა გულორდავამ მიიღო მონაწილეობა. მან წარმატებით გაიარა კონკურსის ყველა ეტაპი და დღეს ის არის მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი.
2011 წელს „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში“ ჩაერთო სამეგრელოს რეგიონის მარტვილის #1 საჯარო სკოლა, სადაც მალევე დაარსდა სამოქალაქო კლუბი აქტიური პედაგოგის, პაშა (მაკა) გულორდავას წყალობით.
პაშამ 50 საათიანი ტრენინგ კურსის გავლის შემდეგ შესძლო მიღებული უნარ–ჩვევები მოსწავლეებამდე მიეტანა, შეეკრა და გაეაქტიურებინა გუნდი. 2012 წელს მან მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მიიღო მცირე საგრანტო კონკურსში და წარმატებით განახორციელა პროექტი. პაშა, ასევე ჩაერთო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმში, რის შემდეგაც მისი მოტივაცია ამაღლდა და  ის ძალიან აქტიურად ესწრებოდა ფორუმის ფარგლებში ჩატარებულ ყველა ღონისძიებას.
„პაშას საუკეთესო თვისებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ის არ კმაყოფილდება არსებულით და აქვს  სურვილი უფრო მეტი ცოდნა მიიღოს, აიმაღლოს პროფესიონალიზმი. სწორედ იგივეს ასწავლის ის საკუთარ მოსწავლეებს, რაც მათ ეხმარებათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში“ - აფასებენ პაშას კოლეგები.
როგორც თვითონ პაშა აღნიშნავს, მას კონკურსის პერიოდში ძალიან დაეხმარა პედაგოგთა ფორუმის აქტიური წევრობა. ის ხაზს უსვამს „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ დიდ წვლილს მის კარიერულ წინსვლაში.
პაშა დღესაც აგრძელებს პედაგოგის საქმიანობას მარტვილის #1 საჯარო სკოლაში, არის კლუბის მეურვე პედაგოგი და დაგეგმილი აქვს ბევრი საინტერესო ინიციატივისა და პროექტის განხორციელება თავის მოსწავლეებთან ერთად.
მისი თქმით  დემოკრატია მისთვის მართლაც გახდა ცხოვრების წესი:
„სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამასთან თანამშრომლობამ უფრო გაბედული გამხადა. არ მეშინია სიახლეების შემოტანის, ინოვაციების. უკვე სამი დიდი პროექტი განვახორციელე ჩემს ტერიტორიულ ორგანოში დირექტორებთან ერთად, ისევ და ისევ პროგრამის თანადგომით. პროგრამასთან  საქმიანმა ურთიერთობამ ჩემში თანამშრომლობითი უნარები განავითარა და თავისუფლება მომანიჭა“.