24th Fe

მაია გოგუაძე - აქტიური სამოქალაქო განათლების პედაგოგი!

 სამოქალაქო განათლების პედაგოგი მაია გოგუაძე 2011 წლის იანვრიდან ჩაერთო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში.
ქ-მა მაიამ  მონაწილეობა მიიღო პროგრამის  50 საათიან აკრედიტირებულ ტრენინგ კურსში, რომლის ფარგლებშიც   2010 წლიდან  გადამზადდა 800-ზე მეტი სამოქალაქო განათლების პედაგოგი და დაიბეჭდა საგნის დამხმარე სახელმძღვანელოები.
მაია გოგუაძის, როგორც სამოქალაქო განათლების პედაგოგის, კვალიფიკაცია ეფექტურად გამომჟღავნდა სამოქალაქო კლუბებთან მუშაობაში.  2011 წელს ქ-ნი მაია  #11 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბს O.K ხელმძღვანელობდა. კლუბის წევრმა მოსწავლეებმა „მაია მასწავლებლის“ დახმარებით განახორციელეს  პროექტი ‘’ყველა ფერი ბავშვებს’’, რომლის შედეგადაც თბილისი კრიზისული ცენტრის აღსაზრდელებს  ტელეკომპანია „იმედმა“ შენობა გაურემონტა , „ავერსის კლინიკა“ კი, მას შემდეგ, წელიწადში ერთხელ, ცენტრის ბავშვებს უტარებს უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური გამოკვლევას უტარებს.
2011 წლის ნოემბრიდან მაია გოგუაძე გადავიდა თბილისის N 173 საჯარო სკოლაში, სადაც მისი ხელმძღვანელობით სამოქალაქო განათლების კლუბმა TIFE განახორციელა მრავალი პროექტი და ინიციატივა: „ტრეფიკინგი ‘’ , ‘’არაფორმალური განათლება’’, ‘’ არასრულწლოვანი და სამართალი‘’ , ‘’გენდერი’’ , ‘’იკითხე წიგნი, რომ იცხოვრო‘’, “ძალა ცოდნაშია’’, ‘’ეკო-ტურზმის განვითარება მოსწავლე-ახალგაზრდებში’’ და სხვა.
-„სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამამ ჩემი ცხოვრება შეცვალა, როგორც პედაგოგისა და როგორც მოქალაქის.  ტრენინგებმა მასწავლა, როგორ უნდა ვიმუშაო მოზარდებთან, რათა ისინი აქტიურ და მოტივირებულ ადამიანებად გაიზარდონ. ამის დასტური ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტებია,“- ამბობს ქ-ნი მაია.
მაია გოგუაძე აქტიურად მოღვაწეობს, როგორც სამოქალაქო განათლების ტრენერი.
 2013 წლის სექტემბერში PH International-ის მიერ მოეწყო დოკუმენტური ფილმის გადაღება სამოქალაქო განათლების განვითარებასთან დაკავშირებით, რომელშიც მაია გოგუაძემაც მიიღო მონაწილეობა. ფილმი საკონკურსოდ გაიგზავნება საფრანგეთში .
-„მაია მასწავლებელი საუკეთესო მეგობარია. მისი ხელმძღვანელობით უამრავი კეთილი საქმე გავაკეთეთ. ვამაყობ ჩვენი მეგობრობითა და საქმიანობით,“- გვითხრა კლუბ „TIFE”-ს წევრმა სოფო გელდიაშვილმა.
ქ-ნი მაია დაუღალავად შრომობს საზოგადოების საკეთილდღეოდ. იგი 2011 წლიდან სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, მოხალისეობრივ საწყისებზე, თანამშრომლობს საქართველოს შსს, იუსტიციის და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებთან. ქ-ნი მაია და ამ უწყებების თანამშრომლები რეგულარულად აბარებენ სისხლს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის, აგროვებენ სხვადასხვა ნივთებს და საკუთარი სახსრებით ეხმრებიან ამ ბავშვების. მაია გოგუაძე აქტიურად თანამშრომლობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან IOM, რომლის სერთიფიკატის მფლობელიცაა, როგორც წარმატებული სამოქალაქო პედაგოგი. მაიას მიღებული აქვს შსს-ს სამინისტროს მადლობის სიგელიც. იგი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეხმარება სხვადასხვა საინტერესო მოხალისებრივი ღონისძიების ორგანიზებაში.
დეკემბერში #173 სკოლაში მისი ხელმძღვანელობით ტარდება საქველმოქმედო კარნავალი/გამოფენა, რომლიდან შემოსული თანხაც მოხმარდებათ ლეიკემიით დავადებულ ბავშვებს.
მაია გოგუაძის ცხოვრების მიზანი მოზარდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მათი ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაა.  –„კიდევ ერთს ვიტყვი“,- ამბობს ქ-ნი მაია, –„ჩემმა მოსწავლეებმა იციან, რომ კარგი მოქალაქის ვალია, ყოველდღიურად დაინახოს პრობლემა და მის მოგვარებაზე იზრუნოს. ეს ჩვენ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამამ გვასწავლა.“