18th Ap

ჩემი არჩევანია პროგრამა „მომავლის თაობა“- ნინო დიღმელაშვილი, თბილისის #59 სკოლის პედაგოგი

საქართველოში ზოგადი განათლება სამოქალაქო ხასიათისაა, რადგან მისი მიზანია „საქართველოს  მოქალაქის აღზრდა და მომზადება ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის.“ სამოქალაქო აღზრდის, როგორც დისციპლინის მიზანი, არის ზოგადი განათლების ყველა საფეხურზე ხელი შეუწყოს ინფორმირებული, აქტიური და სოციალური  პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქის აღზრდას. ნებისმიერ ქვეყანაში დემოკრატიის არსებობა დამოკიდებულია სწორედ მოქალაქეების ცოდნაზე, უნარებზე, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასა და აქტიურობაზე.

მნიშვნელოვანია, რომ სკოლას ჰყავდეს ისეთი მასწავლებელი, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინფორმირებას სექტორთა მრავალფეროვნებისა და ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ, მიაწვდის სწორ, რელევანტურ გზავნილებს და ხელს შეუწყობს მათი ინდივიდუალური და კრეატიული აზროვნების განვითარებას, ვინაიდან სწორედ თავისუფლად და საღად მოაზროვნე ახალგაზრდობა წარმოადგენს წამყვან ძალას დემოკრატიული ღირებულებების მქონე სკოლისა და საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის. 

საყურადღებოა ის გარემოება, რომ გლობალიზაციის პირობებში თანამედროვე მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის დემოკრატიული პრინციპების შეთვისება შეუქცევად პროცესად იქცა. ინფორმაციის თავისუფლება სახელმწიფოთაშორისი საზღვრების ვირტუალური გაუქმებისა და კულტურათაშორის გაცვლის ხარჯზე თანამედროვე საზოგადოებას იმ აუცილებელ მოთხოვნებს უყენებს, რასაც 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და თავისუფალი აზრის განვითარება და პატივისცემა ჰქვია. 

ჩემი არჩევანია პროგრამა „მომავლის თაობა“. რატომ „მომავლის თაობა"? იმიტომ, რომ ამ პროგრამის მიზანი და მოტივი არის, თითოეულმა ჩვენგანმა მომავალ თაობას დავანახოთ დემოკრატიის ხიბლი, პასუხისმგებლობა საზოგადოებასა და ქვეყნის წინაშე, აქცენტები გაკეთდეს „კეთებით სწავლებასა და საზოგადოებრივ სარგებელზე.“

რწმენა იმისა, რომ ძალისხმევა შედეგს გამოიღებდა და ჩემი სკოლაც გახდებოდა ამ პროგრამის პარტნიორი, ყველაზე სასარგებლო აღმოჩნდა წარმატების მისაღწევად, როდესაც ასეთი სასიხარულო ინფორმაცია მომივიდა: „დიახ, 59-ე საჯარო სკოლა არის მომავლის თაობის ახალი პარტნიორი სკოლების სიაში. ასე რომ გილოცავთ და წარმატებას გისურვებთ“.

მჯერა, რომ დემოკრატიული პრინციპები, როგორიცაა აქტიურობა და ინიციატივის წარმოჩენა აფართოებს შესაძლებლობათა არეალს. ამიტომაც მე და ჩემი ახლად დაარსებული კლუბის „დემოკრატიული ალტერნატივა“ წევრი მოსწავლეები გავხდით საუკეთესო გუნდის წევრები. გუნდის, რომელიც მუდამ მზად არის სამოქალაქო ინიციატივებისათვის.