8th Nov

ბორჯომში მასწავლებლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო განათლების პედაგოგი მაია გულიაშვილი წლის პედაგოგად დასახელდა

2016 წლის 5 ოქტომბერს პედაგოგთა საერთაშორისო დღე ბორჯომში საზეიმოდ აღინიშნა. ბორჯომის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა, იზოლდა ლომიძემ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსმა, მარინა ხუჯაძემ, წარმატებული მასწავლებლები დააჯილდოვეს. გამოვლინდნენ წლის პედაგოგები და დირექტორები. 
 
სხვადასხვა პროექტებში გამარჯვებისა და აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი ივ. ჯავახიშვილის სახელობის კერძო სკოლის სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის პედაგოგი, მაია გულიაშვილი, რომელსაც წლის მასწავლებლის წოდება მიენიჭა. იგი დაჯილდოვდა მადლიერების სიგელით და დასაჩუქრდა ,,ისი პარის" სასაჩუქრე ვაუჩერით.
 
„სასიხარულოა, რომ ჩვენი სკოლიდან დასახელდა წარმატებული პედაგოგი. ქალბატონი მაია  ძალიან აქტიური პედაგოგია, ვთვლი რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის მას დიდი წვლილი შეაქვს.  სამომავლოდ დაგეგმილი აქვს მრავალი საინტერესო პროექტი თავის მოსწავლეებთან ერთად,“ - სთქვა  ბორჯომის ივ. ჯავახიშვილის სახელობის კერძო სკოლის დირექტორმა მარინა შაყულაშვილმა. 
 
“მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა. მჯერა, რომ სახელმწიფოს წარმატება თუ წარუმატებლობა განათლების ხარისხზეა დამოკიდებული. ქვეყნის მომავალი საკლასო ოთახიდან იწყება, ამიტომ მასწავლებლის როლი განუზომლად დიდია. ცნობილი ფრაზა: „ყველაზე დიდი ინვესტიცია მომავალ თაობაში უნდა ჩაიდოს, თავისთავად გულისხმობს, რომ მომავალი თაობის განათლება ქვეყნის უზრუნველყოფილი მომავლის ტოლფასია,”  - სთქვა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მაია გულიაშვილმა. 
 
დაჯილდოების ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი გახლდათ ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ბორჯომის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახური.