18th Fe

წარმატებული სამოქალაქო განათლების კლუბი და კლუბის მეურვე პედაგოგი

ნინო ბერეკაშვილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კერძო სკოლის ,,ოცნება’’ სამოქალაქო განათლების და ისტორიის მასწავლებელი და სკოლის სამოქალაქო კლუბის მეურვე პედაგოგია. 
 
ქალბატონი ნინო და მისი მოსწავლეები  უამრავი საინტერესო საკლუბო ღონისძიების ინიციატორები არიან, ისინი წარმატებით თანამშრომლობენ როგორც ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ასევე  თემთან. ამიტომაც, მათი ყველა ინიციატივა ყოველთვის თემის საჭიროებებს არის მორგებული.
 
 ცოტა ხნის წინ წყალტუბოში, კლუბის ინიციატივით,  ,,ოცნების ხეივანი" გაიხსნა, სადაც პერიოდულად ეწყობა შეხვედრები, ფილმის ჩვენებები, სპორტული შეჯიბრებები, კითხვის საათი.  
 
,,ჩვენს გააქტიურებას  სამოქალაქო განათლების პროგრამამ ,,მომავლის თაობა’’ შეუწყო ხელი.  პროგრამა სხვადასხვა  კომპონენტებისგან შესდგება  და ამან საგრძნობლად გააუმჯობესა ჩვენი მუშაობა", – ამბობს ქალბატონი ნინო.
 
მან, 2015 წლის თებერვალში,  პროგრამის ,,მომავლის თაობა’’ ფარგლებში ოთხდღიანი ტრენინგ კურსი ,,დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება" გაიარა და თვლის, რომ საგნის სერტიფიცირების გამოცდის წარმატებით დაძლევაში სწორედ ეს ტრენინგი დაეხმარა.  
 
„ ტრენინგმა მომცა, როგორც პროფესიული ზრდის შესაძლებლობა, ასევე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ–ჩვევები. დამეხმარა, უკეთ გამეაზრებინა სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა.  სამოქალაქო განათლება ესაა საგანი, რომელიც ადამიანს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარებს.  სწორედ ასე მივიღებთ ჯანსაღ სამოქალაქო საზოგადოებას.“ 
 
ქალბატონი ნინო  წარმატებით იყენებს პროგრამის ფარგლებში გამოცემულ დამხმარე სახელმძღვანელოებსაც. ,,ეს წიგნები გაკვეთილზე ქმნის გარემოს, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში. აღსანიშნავია, პროექტული სწავლება, რაც ასევე ძალიან ნოვატორული და მნიშვნელოვანია’’.  
 
პროექტი  ,,წყალტუბო, მომავლის მარგალიტი’’ სწორედ პროექტული სწავლების პრაქტიკული მაგალითი გახლდათ, რომელიც კერძო სკოლის ,,ოცნება’’ პედაგოგმა და მოსწავლეებმა ერთობლივად განახორციელეს, კლუბის წევრებმა ჩაატარეს კვლევა, წარმატებით ითანამშრომლეს  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურთან. პროექტის შეჯამება ყველაზე შთამბეჭდავი ღონისძიება აღმოჩნდა, რადგანაც ყველა ჩართული პირი განსაკუთრებულად აღნიშნავდა მის მნიშვნელობას. 
 
მასწავლებლისა და მოსწავლეთა ერთობლივმა მუშაობამ და მათ მიერ განხორციელებულმა მრავალფეროვანმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო. გასულ წელს კლუბმა პროგრამის ,,მომავლის თაობა’’ ფარგლებში გამოცხადებულ ტექნიკის კონკურსში გაიმარჯვა, რაც კლუბისთვის და პედაგოგისთვის კარგი სტიმულია მომავალი წარმატებული საქმიანობისათვის.