20th Ja

ნათია იაშაღაშვილი - სამოქალაქო განათლების პედაგოგი

ნათია იაშაღაშვილი თბილისის №212 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგია.  სკოლა აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო განათლების პროგრამაში „მომავლის თაობა“. პროგრამის ფარგლებში ამავე სკოლის  IX-X კლასების მოსწავლეებთან  ერთად ნათია იაშაღაშვილმა რამდენიმე  საკლასო პროექტი განახორციელა.  მათ შორის:   „ვიცხოვროთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში“, ,,ძალადობას ვუთხრათ არა“, ,,ნაადრევი ქორწინება“,  ,,ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია“.   
 
აღნიშნულ საკლასო პროექტებში მოსწავლეებმა პედაგოგის დახმარებით თემში ჩაატარეს კვლევა,  გაამწვანეს სკოლის ტერიტორია, სკოლაში აწარმოეს საინფორმაციო კამპანიები, თანატოლებს ჩაუტარეს ტრენინგები, მოაწყვეს სპორტული შეჯიბრებები.  მათ, საკლასო პროექტებში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის მიზნით, დაგეგმეს და აწარმოეს ადვოკატირების პროცესი, რის შედეგადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს პრეზენტაციების ჩასატარებლად  დაუთმეს ფართი,  დასუფთავების აქციის განხორციელებისას კი, ნაგვის გატანის პროცესში დასუფთავების სამსახური ჩართეს.  სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ნათია იაშაღაშვილმა საკლასო პროექტების განხორციელების პროცესში  ითანამშრომლა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან, რომელმაც  №212  საჯარო სკოლის IX-X კლასის მოსწავლეებს  უსასყიდლოდ გადასცა იურიდიული ლიტერატურა.
 
ნათია იაშაღაშვილს წარმატებული საკლასო პროექტების განხორციელებაში დაეხმარა 4 დღიანი ტრენინგ პროგრამა - დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება.   ტრენინგი ჩატარდა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში  პროგრამის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის.  
 
„სწორედ ტრენინგიდან მიღებული ცოდნით ვისწავლე გაკვეთილის სწორად დაგეგმვა და შეფასება, პროექტის ეტაპების თანმიმდევრობით დაგეგმვა და განხორციელება, ასევე, ვისწავლე გუნდური მუშაობის პრინციპები“-  ნათია იაშაღაშვილი.
 
№212  სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგის და IX-X კლასების მოსწავლეთა შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია,  მათ გაიმარჯვეს სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გამოცხადებულ ტექნიკის კონკურსში. თუმცა ეს არ ყოფილა მათი ერთადერთი წარმატება. ამავე სკოლის  X კლასის მოსწავლეები მონაწილეობას იღებდნენ მცირე საგრანტო პროექტების კონკურსში,  მათმა პროექტმა სახელწოდებით „ნაადრევი ქორწინება“ დაფინანსება მოიპოვა და მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ერთად ის წარმატებით განახორციელეს.