4th Nov

მაგდალინა თოდუა - სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონალური კოორდინატორი

ნებისმიერი წარმატებული ნაბიჯის უკან ჩემი დაუღალავი შრომაა. ყოველთვის მიზანდასახული ვიყავი. 21 წლის ასაკში გავხდი პედაგოგი, მუშაობის დაწყების დღიდან მოყოლებული აქტიურად ჩავერთე სასკოლო ცხოვრებაში. არ მიყვარს ერთფეროვნება, ამიტომაც ვეცადე საინტერესო გამეხადა ჩემი პედაგოგიური საქმიანობა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა, რომელსაც ახორციელებს PH International და პარტნიორი სამეგრელოს რეგიონში „ათინათი“, რომელმაც მართლაც რომ ნათელი სხივი შემოიტანა.
 
2011 წელს რუხის საჯარო სკოლაში, სკოლის დირექტორის მხარდაჭერით  ჩამოყალიბდა სამოქალაქო კლუბი „ერთობა“, რომლის მეურვეც გავხდი.
 
იმავე  წელს ჩატარდა  სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის პირველი ეროვნული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მივიღე, თუმცა მაშინ ალბათ არც მქონდა გააზრებული ამ საგნის მნიშვნელობა და აქტუალობა.   
 
2012 წლიდან  ვარ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონალური კოორდინატორი. აქედან იწყება ჩემს ცხოვრებაში ახალი და წარმატებული ეტაპი. სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან ერთად, აქტიურად ვარ ჩართული ფორუმის საქმიანობაში.  ჩემი წარმატებული და დაუღალავი შრომა, რეგიონის პედაგოგების წარმატების საწინდარი გამხდარა. რაც,  რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია.  
 
პროგრამის წყალობით ჩავერთე სხვადასხვა პროექტებში, არა ერთი სასკოლო თუ სათემო პროექტის გრანტი მიმიღია. მუდამ ვგრძნობ პარტნიორი ორგანიზაციის, „ათინათის“  მხარდაჭერას, რომელმაც საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც დამაკავშირა. ერთერთი ასეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი იყო, პოლონურ-ქართული პროექტი, რომლის  ფარგლებში გავიარე ტრენერთა ტრენინგი, შემდეგ კი სტაჟირება პოლონეთში.
 
მონაწილეობა მივიღე მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტრენერთა კონკურსში და გავხდი სამოქალაქო განათლების ტრენერი. 
 
2013 წელს გავხდი წლის წარმატებული მასწავლებელი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ წლებთან ერთად, იზრდებოდა ჩემი გამოცდილებაც და გამბედაობაც, სიახლეებისკენ სწრაფვა ჩემი ცხოვრების დევიზი გახდა. მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა ჩემი ქვეყნის და, რაც მთავარია, ჩემი სოფლის განვითარებაში, მეზრუნა მათ კეთილდღეობაზე. ვყოფილიყავი ერთგვარი შუამავალი ადგილობრივ ხელისუფლებასა და თემს შორის. სწორედ ამის შესაძლებლობა მომეცა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, სადაც ვიყავი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. დეპუტატი ვერ გავხდი, თუმცა დღეს, პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად, ვარ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი.  ორივე საქმე ძალიან მიყვარს და შესაბამისად, ვთვლი რომ დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ვართმევ.  
  
2015 წელს კი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, გავხდი  რეგიონის წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ  ფორუმის დაარსების დღიდან ამ ჯილდოზე ვოცნებობდი.  ნებისმიერი პედაგოგისთვის აღიარება ყველაზე ძვირფასი ჯილდოა, ეს მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს მოსწავლეებისა და პედაგოგების წინაშე.  
 
სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონს ჰყავს არაერთი ღირსეული პედაგოგი და ჩემთვის დიდი პატივია, რომ ღირსეულთა შორის დამასახელეს. 
 
ამ პროგრამის ფარგლებში გავიზარდე, ვისწავლე ადამიანებთან ურთიერთობა, შევიძინე მეგობრები, რომელთა პროფესიულ გამოცდილებას ხშირად ვიზიარებ. 
 
მიხარია, რომ ჩემი თითოეული წარმატებული ნაბიჯის უკან დგას სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, ღირსეულ გუნდთან ერთად!