4th Nov

თამარ კურტანიძე - ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი

ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლა პროგრამაში ,,მომავლის თაობა“ 2014 წლიდან ჩაერთო და ამ დღიდან მოყოლებული, აქტიურად და წარმატებით მონაწილეობს პროგრამის თითოეულ მიმართულებაში. ახალგაზრდა პედაგოგი, თამარ კურტანიძე  სკოლაში სამოქალაქო განათლებას განსაკუთრებული მონდომებით ასწავლის და გულისხმიერებით უძღვება თავის საქმეს. აი, რას გვწერს თამარი პროგრამის შესახებ: 
 
,,მე, როგორც დამწყებ პედაგოგს, პროგრამამ ,,მომავლის თაობა“ დამანახა, რომ სამოქალაქო განათლება მეორეხარისხოვანი საგანი არ არის და პირიქით, მოსწავლეების აზრით ეს ის საგანია, რომელიც აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს, რათა მოქალაქეობრივი ვალდებულებების გააზრება და განხორციელება შევძლოთ. დღეს, ისევე როგორც ყველა მოზარდი, ჩემი მოსწავლეებიც თვლიან, რომ მომავლის თაობას წარმოადგენენ და ამიტომაც, უნდა გახდნენ ღირსეული მოქალაქეები ჩვენი ქვეყნისთვის. ცალსახად ნათელია სამოქალაქო განათლების საჭიროება!!! როდესაც მოსწავლეებთან კითხვა დავსვი - თუ რა საჭირო იყო სამოქალაქო განათლების სწავლება სკოლაში? მიპასუხეს - ამდენი პროექტი, პრეზენტაცია, საზოგადოებასთან ურთიერთობა, გარემოზე ზრუნვა, სხვისი პრობლემის გათავისება, მოქალაქეობრივი ვალდებულებების გააზრება და განხორციელება და სხვა მრავალი შესანიშნავი თვისება, სწორედ სამოქალაქო განათლების მეშვეობით შეიძინეს“.
 
პედაგოგ თამარ კურტანიძისა და ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლეების ერთობლივი ინიციატივით, სხვა სკოლებთან და მხარეებთან თანამშრომლობით განხორციელდა არაერთი საინტერესო ინიციატივა თუ საკლასო პროექტი.  აღსანიშნავია საკლასო პროექტი, რომელიც 2015 წლის მარტში განხორციელდა და რომლის მიზანი დღის ცენტრის ,,სავანე“ აღსაზრდელთა საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართვა და მოტივაციის ამაღლება  იყო. დღის ცენტრი ,,სავანე‘’ აერთიანებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  განსაკუთრებული საჭიროების მქონე 20  მოსწავლეს  სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. 
 
პროქტის  დაგეგმვის და განხორციელების  ყველა ეტაპზე,  ღონისძიების სცენარის შედგენა, მოსაწვევების გავრცელება, საკონცერტო ნომრების მომზადება – დღის ცენტრის ბენეფიციარი მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები. საკლასო პროექტი შეჯამდა ერთობლივი ღონისძიებით, რომელსაც დაესწრნენ მოწვეული სტუმრები: მოსწავლეები, პედაგოგები, სასულიერო პირი, სკოლის დირექცია, დღის ცენტრის ორგანიზატორები. მოსწავლეებმა დღის ცენტრის აღსაზრდელებთან ერთად სტუმრებს საინტერესო და გემოვნებიანი მხატვრული ნომრები წარუდგინეს. ამავე შეხვედრაზე გამოიფინა დღის ცენტრის აღსაზრდელების მიერ შესრულებული ნახატები თემაზე – ,,ჩემი თვალით დანახული დედა’’.