7th Jul

ნინო ნიპარიშვილი, კასპის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგი

კასპის  მრავალპროფილიან სკოლა-გიმნაზიას  21 წლის მანძილზე    არაერთი წარმატებისთვის  მიუღწევია - ოლიმპიადებზე, კონკურსებზე, გაცვლით პროგრამებსა თუ შემოქმედებით ასპარეზზე. თუმცა,  2014 წლიდან, რაც სკოლა  პროგრამაში „მომავლი თაობა“ ჩაერთო,  პედაგოგების და მოსწავლეების აზრით, მათი  ყოველდღიურობა საგრძნობლად შეიცვალა.
 
ნინო ნიპარიშვილი სკოლა-გიმნაზიაში  2007 წლიდან მუშაობს, არის სამოქალაქო განათლების პედაგოგი,   ძალიან უყვარს თავისი პროფესია და ბავშვებთან ურთიერთობა. მოვუსმინოთ ნინოს, იგი თავად გვეტყვის სათქმელს:
 
„პროგრამაში  „მომავლის თაობა“ ჩვენი სკოლა 2014 წლის დეკემბრიდან ჩაერთო. მახსენდება პირველი ზარი, როდესაც პროგრამის პრეზენტაციაზე მიგვიწვიეს. დადგა ეს დღეც, არ ვიცოდი რაზე უნდა ყოფილიყო საუბარი, ნანახმა და მოსმენილმა  მოლოდინს გადააჭარბა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მე დავურეკე მამას, ამავე სკოლის დირექტორს, ბესიკ ნიპარიშვილს და სიტყვა სიტყვით ასე გადავეცი: ეს ისაა რასაც ვეძებდი-თქო. შეხვედრაზე გავიცანი  „სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“  წარმატებული პედაგოგები,   ვნახე თუ როგორი აღფრთოვანებით ლაპარაკობდნენ ამ პროგრამის შედეგებზე... ვუსმენდი და ვფიქრობდი, ეს ხომ რეალურია და რატომ არ შეიძლება მეც ავიმაღლო კვალიფიკაცია და მეც გავხდე წარმატებული? ეს შეხვედრა იყო დიდი სტიმული. ეს იყო ძალიან თბილი დღე , რომელმაც ჩვენს შემდგომ საქმიანობებს ჩაუყარა საფუძველი...
 
თებერვლის თვე ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა  ჩემი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისით. გავიარეთ  ოთხდღიანი  ტრენინგი ,,დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება”.   ამ ოთხმა დღემ ბევრი რამ მასწავლა, ახალი მეთოდები,  სიახლეები საგნის სწავლების პროცესში. რაც მთავარია, შესანიშნავ კოლეგებთან დამაახლოვა.  ტრენინგის მსვლელობისას ვცდილობდი ყველა აქტივობაში მიმეღო მონაწილეობა. დრო ისე გადიოდა, ვერ ვგრძნობდი და დასასრულს სახლში წასვლა არავის გვინდოდა. შემდგომში, დავიწყე ტრენინგზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.  
 
პროგრამის „მომავლის თაობა“ დაწყებიდან დღემდე, კასპის მოსწავლეების ინიციატივით დაიგეგმა და განხორციელდა 8 საკლასო პროექტი. მათგან გამოვყოფდი ბოლოს, მაისის თვეში განხორციელებულ პროექტს „ჯანსაღი ცხოვრება -სუფთა გარემოში“, რომლის ფარგლებშიც მოეწყო სკოლებს შორის ნახატების კონკურსი თემაზე „ერთად ბუნების დასაცავად“ , ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა ფლეშმობი, კულტურის ცენტრში მოეწყო ნახატების გამოფენა და საუკეთესო ნამუშევრების ავტორების დაჯილდოება, მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები  ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების და ეკოლოგიაზე ზრუნვის საკითხებზე. კულტურის სახლის სცენაზე დაიდგა  სპექტაკლი "ჟანგბადის გასამართლება" და გაიმართა კონცერტი.   პროექტის  მხარდამჭერები იყვნენ  კასპის გამგეობის წარმომადგენლები და გამგებელი ბ-ნი გოჩა გოჩიტაშვილი,  კასპის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ბ-ნი სანდრო გზირიშვილი, კასპის კულტურის სამსახური და კასპის სპორტის დაწესებულებების გაერთიანების, საჯარო სკოლებისა და რესურს ცენტრის თანამშრომლები.
 
კასპის სკოლა-გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს  დებატების რეგიონალურ ტურნირში, მოსწავლეებისათვის ეს იყო დიდი სიხარული და წარმატება. ჩემი, როგორც მათი პედაგოგისათვის, კი კიდევ ერთი მოტივაცია. 
 
მოსწავლეები  აქტიურ მონაწილეობას იღებენ ტრენინგებში, კონკურსებში,  შეხვედრებსა და სასწავლო ვიზიტებში. მათი ინიციატივით მოეწყო კალათბურთის ჩემპიონატი კასპის სკოლებს შორის.   
 
პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შემდგომ, ჩემი, როგორც პედაგოგის შეფასებით, მოსწავლეებმა ისწავლეს თანამშრომლობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, ჩაერთვნენ თემის პრობლემების მოგვარებაში. გააცნობიერეს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. ისწავლეს პროექტზე მუშაობა, ფუნქციების განაწილება, გუნდური მუშაობა. ურთიერთობა დაამყარეს პროგრამაში ჩართულ სხვა სკოლის  მოსწავლეებთან. გაიაზრეს, რომ სამოქალაქო აქტივობა მნიშვნელოვანია სრულყოფილი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში“. 
 
ბოლოს კი, მინდა გულწრფელად ავღნიშნო, რომ 27 აპრილი ჩემს ცხოვრებაში  კარიერული თვალსაზრისით იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, ჩავატარე  სამოქალაქო განათლების ღია გაკვეთილი თემაზე - "პრობლემები საზოგადოებაში, დამოკიდებულება პრობლემებისადმი." ღია გაკვეთილს ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კოორდინატორი შიდა ქართლში ქ-ნი ლელა წურწუმია, საზოგადოება "ბილიკის" წარმომადგენლები და პროგრამის "მომავლის თაობა" პარტნიორი სკოლების 18 პედაგოგი.  
 
ეს იყო ჩემი, როგორც სამოქალაქო განათლების პედაგოგის, პირველი ღია გაკვეთილი,   იყო დიდი პასუხისმგებლობა და დიდი ბედნიერება. მადლობელი ვარ  ყველა იმ ადამიანის, ვინც მუშაობის პროცესში ჩვენს გვერდით იდგა, იმისათვის რომ მაპოვნინეთ ის, რასაც აქამდე ვეძებდი,  რომ ამ პროგრამამ ბევრი საინტერესო ადამიანის გაცნობის საშუალება მომცა,  რომ გვაძლევთ  საშუალებას პედაგოგებმა მრავალი საინტერესო საქმე ვაკეთოთ,  მადლობა იმ წუთებისათვის , რომლებსაც სიხარულის წუთები ქვია, მოტივაციის ამაღლებისათვის, მოსწავლეების სასკოლო ცხოვრების გახალისებისა და გააქტიურებისათვის“ .