1st May

მადლიერი მასწავლებელი

ქუთაისის #37 საჯარო სკოლა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში განხორციელების მეორე წელს ჩაერთო. სკოლაში მალევე დაარსდა სამოქალაქო კლუბი, რომლის წევრები სამოქალაქო განათლების პედაგოგის ლალი უშვერიძის დახმარებით სხვადასხვა საინტერესო და მრავლაფეროვან საკლუბო ინიციატივას ახორციელებენ.

ორჯერ  გაიმარჯვეს პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ მცირე გრანტების კონკურსში,  გამარჯვება ტექნიკის კონკურსშიც მოიპოვეს და პრიზად ხუთი დასახელების  ტექნიკა მიიღეს.

კლუბის წარმატებული ისტორია მოსწავლეებთან ერთად მონდომებულმა და ასევე წარმატებულმა კლუბის მენტორმა პედაგოგმა ლალი უშვერიძემ შექმნა.  პროგრამა ქალბატონი ლალისთვისაც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. 2012 წელს ის წლის საუკეთესო პედაგოგი გახდა.

ქალბატონი ლალი აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საქმიანობაში. იგი სამოქალაქო განათლების ტრენერია და დღეს თავის გამოცდილებას თავის კოლეგებს უზიარებს.

ლალი უშვერიძე: „ასეთი წარმატებული პროექტი არ მინახავს. სადაც კი შევიკრიბებით, სამოქალაქო განათლების მასწავლებლები სულ კლუბების მუშაობაზე, მოსწავლეთა მოტივაციაზე ვსაუბრობთ და ერთმანეთის წარმატებით ვხარობთ...მადლობა ამ პროგრამის სულისჩამდგმელებს...ჩემთვის ეს, როგორც პედაგოგისთვის საუკეთესო და ბევრის მომცემი იყო"