24th Fe

გურანდა შანიძე ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა

გურანდა შანიძე ქ. ქუთაისის №30 საჯარო სკოლაში ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგად 2008 წლიდან მუშაობს. სამოქალაქო განათლების სწავლება ყოველთვის სასიამოვნო პროცესი იყო  მისთვის, რადგან მოსწავლეები ხალისით მუშაობენ. პედაგოგის თქმით, ეს არის საგანი, რომელიც თავისუფალი აზროვნების განვითარებას და ინდივიდუალობის გამოხატვას უწყობს ხელს, ამისკენ სწრაფვა კი მოზარდ თაობაში განსაკუთრებით აქტიურია. სამოქალაქო განათლების კლუბი სკოლაში 2011 წლიდან არსებობს. კლუბი  ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან თანამშრომლობს, რამაც მისი საქმიანობა უფრო საინტერესო გახადა. კლუბი ისეთი პროექტების, აქტივობების, იდეების განხორციელებას უწყობს ხელს, რომელთა რეალიზებაც საგაკვეთილო პროცესში დროის სიმცირის გამო შეუძლებელია.

კლუბში მეცხრე - მეთორმეტე კლასების მოსწავლეები არიან. ისინი რეგულარულად იკრიბებიან და აწარმოებენ კვლევებს სკოლასა თუ თემში არსებული პრობლემების გამოსავლენად. შემდეგ იგეგმება ღონისძიებები ამ პრობლემათა მოსაგვარებლად და ხდება მათი განხორციელება. მოსწავლეები დამოუკიდებლები არიან და შეუძლიათ სამოქალაქო საზოგადოების გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. პარტნიორი ორგანიზაციის მიერ ტექნიკით კლუბის უზრუნველყოფამ მისი მუშაობის ხარისხი გააუმჯობესა. კლუბის მუშაობაში ჩართვამ კი ბევრი, მანამდე პასიური მოსწავლე, სულ სხვა კუთხით და შესაძლებლობებით წარმოაჩინა და გაზარდა მათი დაინტერესება, სწავლის ხარისხი.

მრავალფეროვანია კლუბის არსებობის მანძილზე განხორციელებული ღონისძიებები: სხვადასხვა სოციალურ პრობლემებზე შიდა სასკოლო თუ მცირე საგრანტო პროექტები, კონკურსებში მონაწილეობა, ფილმების შექმნა, აქციები, დებატები...

2012 წლის 25 თებერვალს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე გურანდა შანიძე  იმერეთის რეგიონის წლის საუკეთესო პედაგოგად დასახელდა. ეს იყო დაუვიწყარი დღე მისთვის - გაწეული შრომის დაფასება  და სტიმული, რომ გააკეთოს მეტი. 

ქუთაისის №30 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი კვლავაც აქტიურად განაგრძობს მუშაობას, ასე იქნება მომავალშიც. პედაგოგისთვის ყველაზე დიდი ჯილდო ხომ მოსწავლეთა აქტიურობა, დაინტერესება და სასიკეთო საქმის კეთების სურვილია.

„მწამს, რომ სამოქალაქო განათლების სწავლება, როგორც საგნის, და კლუბის მუშაობა, მოგვცემს ჯანსაღად მოაზროვნე და ჰუმანურ თაობას, რომელსაც ექნება სხვისი ტკივილის გაზიარებისა და დახმარების უნარი“ - ამბობს გურანდა.