24th Fe

ნინო ნადირაძე, ახალციხის პირველი საჯარო სკოლა

ნინო ნადირაძე ახალციხის პირველი საჯარო სკოლის ისტორია-სამოქალაქო განათლების პედაგოგი და სამოქალაქო კლუბის ,, ოცნებიდან რეალობამდე’ ხელმძღვანელია. „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში“ იგი 2010 წლიდან ჩაერთო და როგორც თავად გვწერს, მას შემდეგ მის პედაგოგიურ საქმიანობაშიც და ცხოვრებაშიც ბევრი რამ შეიცვალა. კერძოდ, აი, რას მოგვითხრობს:

„წლების განმავლობაში ვხელმძღვანელობდი დებატკლუბს, მაგრამ ვხვდებოდი, რომ რაღაც მაკლდა  - მუხტი თუ სისტემურობა... ახალციხის საჯარო სკოლაში  ახალი საგნის ,, სამოქალაქო განათლება“ სწავლებით რომ შევედი, შემეშინდა: არანაირი მეთოდიკა, არც დამხმარე წიგნები, არც წინამორბედი პედაგოგი, რომელიც გზას გამიკვალავდა. მხოლოდ მომავლის იმედით, ბავშვების სიყვარულით და საკუთარ უნარებზე დაფუძნებული ვმუშაობდი 2008 წლიდან 2010 წლამდე.

„სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების სამწლიანი პროგრამის“ შესახებ სატელევიზიო სიუჟეტით შევიტყვე და მიზნად  დავისახე  ფეხდაფეხ მივყოლოდი პროექტს, არ გამომრჩენოდა არცერთი ტრენინგი, სემინარი თუ მასტერ კლასი, მცირე გრანტების პროგრამა. და დღეს ვაღიარებ, რომ ამ პროგრამის ფარგლებში გავიზარდე, დავიხვეწე, ჩამოვყალიბდი, როგორც სამოქალაქო განათლების პედაგოგი. 2011 წლის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ეროვნულ ფორუმზე სამოქალაქო განათლების „წლის საუკეთესო პედაგოგად’’ დამასახელეს ჩემს რეგიონში.

სტატუსმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა დამაკისრა, საკუთარ თავს მეტი მოვთხოვე, დავისახე სამოქმედო გეგმა. ჩემი სამოქალაქო კლუბის სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ მცირე გრანტების პროექტის ფარგლებში უკვე მესამედ  მოვიპოვეთ გრანტი.

ეს წარმატებები გარკვეულწილად იმ ოთხი სახელმძღვანელოს დამსახურებაა, რომელიც პროგრამის ფარგლებში დაიბეჭდა და ძალიან დაგვეხმარა მე და ჩემს მოსწავლეებს. ერთ-ერთი სახელმძღვანელოს ,,თანამშრომლობა საზოგადოებრივი სარგებლისათვის“ აპრობაცია ჩვენს სკოლაში შედგა, როდესაც გაკვეთილზე წიგნის ავტორი ქალბატონი ნინო გვარამაძე დაგვესწრო.

საუკეთესო იყო ამერიკელი ტრენერების ჯიმ ბერტიომისა და ქეთრინ ქედველის  ტრენინგ-სემინარიც, რომელიც გასულ წელს პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. სასიხარულოა, რომ ასეთი მაღალპროფესიული მასტერკლასის გავლის საშუალება წელსაც ექნებათ ჩემს კოლეგებს.

პროგრამის ფარგლებში გავიარე კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის CTC ,,დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლების“ ტრენინგიც, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა და გამიადვიალა როგორც პედაგოგს.  

მცირე გრანტების პროექტის ფარგლებში მიღწეული წარმატებები, კონკრეტული, პრაქტიკული შედეგები, რომელთაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად მივაღწიეთ, დიდი გამოცდილება და წინგადადგმული ნაბიჯია ჩემთვისაც და ჩემი მოსწავლეებისათვის, რომელთაც ისწავლეს თუ ვის, სად, როგორ და როდის უნდა მიმართონ საჭირო პრობლემების მოსაგვარებლად.

დაბოლოს, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი ჩემთვის: პროგრამის ფარგლებში გავიცანი და დავიმეგობრე ბევრი კოლეგა, სხვადასხვა რეგიონის სამოქალაქო განათლების პედაგოგები, რომელთაც დროდადრო პროგრამის რეგიონალურ ღონისძიებებზეც ვხვდები და სამოქალაქო განათლების ფორუმის ფეისბუქის გვერდზე ხომ სისტემატურად ვეხმიანები. ვუზიარებთ ერთმანეთს მოსაზრებებს, განვიხილავთ საკითხებს და ყოველდღიურად ვიცით, რა ხდება მათ სკოლაში, კლუბში.

USAD-ის მიერ დაფინანსებული და PH international-ის მიერ განხორციელებული „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა“ საჭირო დროს საჭირო მომენტში გატარებული პროექტია მართლაც და იგი არა მარტო პედაგოგთა გადამზადებას უწყობს ხელს, არამედ, ზოგადად, დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების  ჩამოყალიბებას ემსახურება ჩვენს ქვეყანაში“ - გვწერს ახალციხიდან ნინო ნადირაძე.