24th Fe

ნორა გადელია - წარმატებული პედაგოგი

 2010 წელს „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში“ ჩაერთო მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლა. მალევე შეიქმნა სამოქალაქო კლუბი, რომელიც ძალიან აქტიურად ჩაება სამოქალაქო აქტივობებში პედაგოგ ნორა გადელიას მეშვეობით.

ქ-ნი ნორა არის პედაგოგთა ფორუმის აქტიური წევრი, ის ესწრება ყველა დაგეგმილ ღონისძიებას და წელს ფორუმის ფარგლებში  მას ჰქონდა შესაძლებლობა სხვა რაიონის პედაგოგებისთვის ღია გაკვეთილი წარედგინა და თავისი გამოცდილება გაეზიარებინა.

სსიპ მანდატურის სამსახურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ნორამ მიიღო მონაწილეობა და ის დაინიშნა პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმის სპეციალისტად.

„სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, „ასოციაცია „ათინათის“ დახმარებით ვწერდით პროექტებს, ვგეგმავდით ინიციატივებს... პროექტებზე მუშაობამ კი შემმატა საკუთარი თავის რწმენა და უკეთ გავიაზრე საკუთარი როლის მნიშვნელობა. არ შემშინებია, შევჭიდებოდი ისეთ საპასუხისმგებლო თანამდებობას, როგორიცაა პროფორიენტაცია და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტობა. პროგრამასთან წლების საქმიანმა ურთიერთობამ ჩემში თანამშრომლობითი უნარები განავითარა და თავისუფლება მომანიჭა...“ სთქვა ქ-ნმა ნორამ.

წარმატებით ფუნქციონირებს სამოქალაქო კლუბი ქ-ნი ნორას ხელმძღვანელობით. კლუბის ლიდერი სალომე ჯალაღანია აღნიშნავს პედაგოგის წვლილს მათ გააქტიურებაში:

„ძალიან გვიყვარს სამოქალაქო განათლების გაკვეთილები, რადგან აქტივობებს და პრაქტიკულ მოქმედებებს მოითხოვს. გაგვიჩნდა  საკუთარი თავის რწმენა, ვიცით ჩვენი უფლებები და მოვალეობები, შეგვიძლია აზრის თავისუფლად გამოხატვა, აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან. ჩვენი წარმატებები თუნდაც სწავლის კუთხით გარკვეულწილად ნორა მასწავლებლის დამსახურებაცაა, რადგან მან ჩაგვინერგა პასუხისმგებლობის გრძნობა.“