1st May

როგორ ვიპოვე ჩემი მე


სოციალური მედია ზოგადი მცნებაა, რომელიც ინფორმაციის გავრცელების და მიღების მრავალ საშუალებას მოიცავს, ჩემს შემთხვევაში ეს საშუალება ბლოგი აღმოჩნდა.
ალბათ მის შექმნაზე არც ვიფიქრებდი, რომ არა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული სოციალური მედიის კონკურსი, რომელმაც ასე ვთქვათ „წამახალისა“, „მიბიძგა“ ბლოგის შექმნისაკენ. მართალია ბლოგზე მუშაობა თავიდან არც ისე ადვილია, მაგრამ თანდათან გრძნობ, როგორ  გიყვარდება წერა. გემატება მკითხველი, გაინტერესებს ახალ-ახალი ინფორმაციები.  
რა თქმა უნდა მინდოდა ჩემი ბლოგი წარმატებული გამხდარიყო, ამიტომ წინასწარვე ,,ჩამოვწერე’’  ბლოგის  პოპულარიზაციის  გეგმა. თავიდანვე აქცენტები სათაურზე, დიზაინსა და ბლოგის მისიაზე გავამახვილე - მე მოქალაქე ჟურნალისტი გავხდი.  
ვიცოდი, რომ ძალიან პატარა შანსი იყო  ისე დამეწერა, როგორც ჯერ არავის დაუწერია მსოფლიოში, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ გამიმართლა, საქართველოში ძალიან ბევრი რამ ხდებოდა რაზეც დაწერა შეიძლებოდა და კიდევ, მყავდა ორი არაჩვეულებრივი მრჩეველი - მაკა ჩინიჯიშვილი და მარიამ ქველიაშვილი.

კონკურსში გავიმარჯვე, დაჯილდოებისას კონკურსის ორგანიზატორმა მკითხა,  როგორ მოვახერხე  3 თვეში  13000 ვიზიტორის მოზიდვა, მარტივად ვუპასუხე:-  სწორი პიარ კამპანია.  მკითხველთა მოსაზიდად  პოსტებს ორიგინალურ სათაურებს ვურჩევდი, მაგრამ იმასაც ვითვალისწინებდი, რომ თუ თვითონ პოსტი საინტერესო არ იქნებოდა, მკითხველი  მეორედ აღარ ეწვეოდა ჩემს ბლოგს.

ჩემი  ბლოგი თავიდან კონკურსისათვის  შეიქმნა, მერე კი   ის ჩემი პროტესტის, ინტერესების და გრძნობების გამოხატვის საშუალება გახდა.

 სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამასთან ურთიერთობით ვისწავლე საზოგადოებასთან მუშაობა, გავიუმჯობესე აზრის გადმოცემის კულტურა და რაც მთავარია, ვიპოვე ჩემი მე   - წერაში.

შაკო ჭონიშვილი

ქუთაისის №37 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრი