26th Fe

წარმატებული სტაჟირება - თორნიკე სულაბერიძე

ჩიბათის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე თორნიკე სულაბერიძე დღეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთის ,,ლანჩხუთი Plus“-ის შტატგარეშე ჟურნალისტია. ის თავისი სოფლის, ჩიბათის შესახებ აწვდის ინფორმაციას რედაქციას და ძირითადად სათემო პრობლემებს აშუქებს. თორნიკემ უკვე გამოაქვეყნა ხუთი სტატია ,,ლანჩხუთი Plus“-ში.

გაზეთთან თორნიკეს თანამშრომლობა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის სტაჟირების კომპონენტის  ფარგლებში 2013 წლის 5-25 დეკემბერს დაიწყო. მისმა სტატიებმა გაზეთის რედაქტორის, ქეთევან ნაკაშიძის მოწონება დაიმსახურა და სტაჟიორს შესთავაზა მუშაობა გაეგრძელებინა და გაზეთისთვის მისი  სოფლის, ჩიბათის შესახებ ინფორმაციები მიეწოდებინა.

ქეთევან ნაკაშიძე, გაზეთ ,,ლანჩხუთი Plus“-ის რედაქტორი: ,,თორნიკე გონებანათელი, ნაკითხი ადამიანია, გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით. მან სტაჟირების პერიოდში მოამზადა ინტერვიუ სოფელ ჩიბათის რწმუნებულთან, ასევე მოიძია ინფორმაციები სოფლის საჭიროებების შესახებ. სტაჟირების დასრულების შემდეგ თორნიკეს თანამშრომლობის გაგრძელება და თავისი სოფლის შესახებ  სტატიების მომზადება შევთავაზე“.

,,გაზეთთან ჩემი თანამშრომლობა სტაჟირების პროგრამით დაიწყო. ჟურნალისტურმა საქმიანობამ ძალიან დამაინტერესა. გაზეთს კორესპონდენტი სოფელ ჩიბათიდან არ ჰყავს და გამიხარდება, თუკი სოფლის შესახებ ინფორმაციის მიმტანი მე ვიქნები“ - აღნიშნა თორნიკემ.

გარდა ამისა, სტატიების მომზადების დროს თორნიკე ადვოკატირების პროცესში ჩაერთო.

,,ჟურნალისტს შეუძლია უამრავ თემაზე იმუშაოს, მაგრამ მე ჩემი სოფლის საჭიროებების შესახებ გადავწყვიტე მასალების მომზადება - აღნიშნავს თორნიკე - მოვამზადე წერილების სერია სოფლის დღევანდელობაზე. მინდა განსაკუთრებით გამოვყო ინტერვიუ სოფელ ჩიბათის რწმუნებულთან, ალეკო კუკულაძესთან. სტატიის ძირითადი თემა სოფლის ბიუჯეტი და დაგეგმილი პროექტები იყო. შეხვედრისას ვისარგებლე და რწმუნებულს მეც გავაცანი რამდენიმე პროექტი ბიუჯეტში გასათვალისწინებლად, რომელიც სასკოლო სამოქალაქო კლუბის გამოკითხვებს ეფუძვნებოდა. სტატიის გამოქვეყნებას შედეგიც მოყვა - უკვე დაიწყო პრობლემათა ნაწილის მოგვარება“.

სტაჟირების პროგრამა ასევე კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა ადვოკატირების პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის.