24th Fe

მარიამ მოსიაშვილი, ახალციხის #6 საჯარო სკოლა

 ყოველთვის მინდოდა საკუთარი ბლოგი მქონოდა. როდესაც შევიტყვე სოციალური მედიის ტრენინგის შესახებ, მივხვდი, რომ ეს ჩემი საუკეთესო შანსი იყო, რომელიც ხელიდან არ გავუშვი. ტრენინგი საკმაოდ საინტერესო გამოდგა და ბევრი ახალი რამ ვისწავლე. ბლოგის თემად გარემოს დაცვა ავირჩიე, მაშინ ვერ ვხვდებოდი რამდენად დიდ პრობლემასთან მიწევდა შეჭიდება. რვა თვის განმავლობაში ბლოგზე აქტიურად ვმუშაობდი და თან უამრავ რამეს ვსწავლობდი. ნელ-ნელა ნამდვილ გარემოს დამცველად ვიქეცი. ჩემი ბლოგი  - www.chemibuneba.wordpress.com ყველამ გაიცნო, გამიცნეს მეც, როგორც ადამიანი ვინც გარემოზე განსაკუთრებულად ზრუნავს. ვიცი, რომ ჩემი ჩანაწერები ბევრ ადამიანს გამოადგა და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. მაისში ბლოგების კონკურსში დავრეგისტრირდი და მოუთმენლად მოველოდი შედეგებს. რატომღაც გამარჯვების იმედი არ მქონდა, რადგან ბევრი ძლიერი კონკურენტი მყავდა, თუმცა მოვახერხე და პირველ ადგილზე გავედი. 2013 წილის 19 ივლისს PH International-ის დაჯილდოების ცერემონიალზე გადმომცეს პლანშეტური კომპიუტერი. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემი შრომა დაფასდა, ამასთან შანსი მომეცა გამეარა მეორე დონის სოციალური მედიის ტრენინგი და ვიდეო ადვოკატირება კარგად შემესწავლა. ჩემი ბლოგით უამრავი ადამიანი დაინტერესდა, მათ შორის ტელეკომპანია იმედზე გადაცემა "ეკოვიზიის" წამყვანი გიორგი ალანია. მან გადაცემაში მიმიწვია, თუმცა პრობლემების გამო მისვლა ვერ მოვახერხე. დამპირდა, რომ მომავალშიც დამპატიჟებდა თავისთან. იგი ამბობს, რომ ძალიან მოსწონს ჩემი განსაკუთრებული და განსხვავებული წერის სტილი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ვიბრძვი ეკოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელ გარემოში ცხოვრებისათვის. ბლოგების კონკურსში გამარჯვებამ სტიმული მომცა უკეთ მუშაობისათვის. მინდა, რომ ჩემი ბლოგის დახმარებით პატარა წვლილი შევიტანო დიდი პრობლემის გადაჭრაში. საზოგადოების თანადგომა ჩემთვის უმთავრესია და ამას გამუდმებით ვგრძნობ. იმედი მაქვს მომავალში მე და ჩემი ბლოგი დიდ წარმატებას მივაღწევთ.