12th Au

მაკა ქორიძე, პროგრამის „მომავლის თაობა" კურსდამთავრებული

მე ვარ მაკა ქორიძე, 19 წლის, ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სამოქალაქო განათლების პროგრამაში 2014 წელს ჩავერთე. კარგად მახსოვს ჩემი სკოლის კლუბის განვითარება, მახსოვს ის პირველი წარმატებული ნაბიჯები, რომელიც დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით გადავდგით. ჩემთვის ამ წლების მნიშვნელოვანი მონაპოვარია პროგრამაში მიღებული გამოცდილება და დღემდე ვიყენებ ჩემს საქმიანობაში. ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე. გავიცანი თანატოლები, რომლებთანაც საერთო ინტერესები აღმომაჩნდა, უამრავ წარმატებულ ადამიანს შევხვდი, ვმონაწილეობდი სხვადასხვა ტრენინგებსა და ღონისძიებებში. თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, შევძელი, თავად მეკეთებინა ის საქმე, რაც ჩემს ქვეყანას, ქალაქსა თუ თემს გამოადგება. ამ წლების განმავლობაში განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი ორი პროექტი: „მწვანე კვადრატი“, რომელიც სკოლის ეზოს მოპირკეთებასა და გამწვანებას შეეხებოდა და „უსინათლოები საზღვრებს გარეშე“, რომლის ბენეფიციარები #202 საჯარო სკოლის უსინათლო მოსწავლეები იყვნენ.

ამ წლების განმავლობაში მიღებულმა გამოცდილებამ პროფესიის არჩევასა და ჩემს მომავალ საქმიანობაზეც იქონია გავლენა. სწორედ ამ გამოცდილების დამსახურებით ვარ დღეს ახალგაზრდული ორგანიზაციის „ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა - აიესაის“ პრეზიდენტი. სამოქალაქო განათლების კლუბის საქმიანობამ საკუთარი თავის მაქსიმალური განვითარებისა და რეალიზების შესაძლებლობა მომცა. ხშირად ვამბობ, რომ სამოქალაქო განათლების კლუბის დამსახურებაა ჩემი წარმატებული ნაბიჯები.

თქვენ კი, მომავალო წარმატებულო ახალგაზრდებო, გეტყვით - მაქსიმალურად გამოიყენეთ შესაძლებლობები, რასაც სამოქალაქო განათლება მოგცემთ.

მჯერა, რომ სწორი ხედვითა და სათანადო მონდომებით უამრავი წარმატების მიღწევას შეძლებთ!